საქართველოს რეგიონებში არის ექიმების არაოპტიმალური გადანაწილება, – ამის შესახებ ეფექტიანობის აუდიტის ანგარიშშია საუბარი.
ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში მედიის წარმომადგენლებს დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი წიწილაშვილმა და სამსახურის თანამშრომლებმა გააცნეს.
როგორც ირაკლი წიწილაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მათ სოფლის ექიმების სახელმწიფო პროგრამის ეფექტიანობის აუდიტი განახორციელეს. აუდიტის შედეგად გამოიკვეთა რამდენიმე საკითხი. კერძოდ, წიწილაშვილის ინფორმაციით, რეგიონებში არის ექიმების არაოპტიმალური გადანაწილება. შედეგად კი გამოვლინდა ისეთი სოფლები, სადაც სოფლის ექიმები საერთოდ არ მუშაობენ.
აუდიტის სამსახურში მიიჩნევენ, რომ მოსაგვარებელი არის ექიმების გადანაწილების პრობლემა. გარდა ამისა, სოფლის ექიმის სახელმწიფო პროგრამების ეფექტიანობის აუდიტის შედეგად გამოიკვეთა კიდევ რამდენიმე საკითხი.
„მოპოვებული ინფორმაციიდან გამომდინარე სტატისტიკა არის გაფანტული. კერძოდ, არიან ექიმები, რომლებსაც თვეში ჰყავთ 200 პაციენტი და არიან ისეთები, რომლებსაც 20 პაციენტი ჰყავთ. ეს ერთი მხრივ აიხსნება იმ გარემოებით, რომ საქართველო რელიეფურია, თუმცა არის ისეთი ტერიტორიული ერთეულები, სადაც არ არის ექიმების რაოდენობა თანაბრად გადანაწილებული და პაციენტების რაოდენობა არის არაპროპორციული“, – განაცხადა ეფექტიანობის აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა, ირაკლი წიწილაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, აუდიტის დროს გამოიკვეთა ექიმების ანაზღაურების პრობლემაც. კერძოდ, აუდიტის სამსახურში მიიჩნევენ, რომ ექიმების ანაზღაურება არ უნდა იყოს „ბრტყელი“.
„ერთ-ერთი საკითხი ეხება ექიმების ანაზღაურებას. კერძოდ, ანაზღაურება არის ”ბრტყელი”, ანუ ყველა ღებულობს ერთსა და იმავე თანხას და არ აქვს მნიშვნელობა რამდენი პაციენტი ჰყავს ექიმს. შესაბამისად, მათ წელიწადში ერთხელ გადაეცემათ ე.წ. სამედიცინო ჩანთა, რომელიც მედიკამენტებს შეიცავს და იმ ექიმებს, რომლებიც კეთილსინდისიერად მუშაობენ, ხშირად თავისი ჯიბიდან უწევთ თანხის დამატება მედიკამენტების შესაძენად. ამისათვის გაიცა რეკომენდაცია, რომ მოხდეს შესაბამისი ანაზღაურების სისტემის შემუშავება“, – განაცხადა ეფექტიანობის აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი წიწილაშვილმა.
აუდიტს ჯანდაცვის სამინისტროს მისამართით ჰქონდა ასევე რეკომენდაცია, რათა მოხდეს სკრინინგის კომპონენტის შემუშავება და ამოქმედება საქართველოს რეგიონებისათვის. აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, კვლევა 2015 წელს ჩატარდა და მოიცავს 2014-2015 წლებში არსებულ სიტუაციას. აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული დასკვნა უკვე გადაეგზავნა ჯანდაცვის სამინისტროს.