აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, ბავშვთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, უფასო სამედიცინო გამოკვლევებს აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს კლინიკა „ენმედიცთან“ თანამშრომლობით ჩაუტარებს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ აფხაზეთის მთავრობიდან აცნობეს, უფასო სამედიცინო გასინჯვები აფხაზეთიდან დევნილებისათვის, თბილისში და ასევე, რეგიონებში რეგულარულად ტარდება. როგორც სამინისტროში აცხადებენ, პროფილაქტიკური გასინჯვების პროგრამის ფარგლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ, ოთხი თვის მონაცებებით, მთელ საქართველოში 800-მდე აფხაზეთიდან დევნილი ბენეფიციარი გასინჯეს.
ამჯერად უფასო გასინჯვები დევნილ ბავშვებს კლინიკა „ენმედიცში“ (მისამართი: თბილისი, არაყიშვილის №2) 2 ივნისს, 11:00 საათიდან ჩააუტარდება.
ექიმების შემადგენლობაში იქნებიან პედიატრი, ენდოკრინოლოგი, საჭიროების მიხედვით სხვა ვიწრო სპეციალისტები (კარდიოლოგი, ნერვოლოგი, ოტოლარინგოლოგი, ექოსკოპიური გამოკვლევა, ლაბორატორიული კვლევა TSH).