მთავარი » ჯანდაცვა » საზოგადოებრივი ორგანიზაციები » აფბა ქართული მედიკამენტების ბაზარზე ფასების მონიტორინგს იწყებს
აფბა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა და რთული სოციალური ფონის გათვალისწინებით, მედიკამენტების ბაზარზე, ფასების მონიტორინგს იწყებს.

აფბა ქართული მედიკამენტების ბაზარზე ფასების მონიტორინგს იწყებს

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბამ“, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა და რთული სოციალური ფონის გათვალისწინებით, მედიკამენტების ბაზარზე, ფასების მონიტორინგი დაიწყო. 

როგორც “პირველ პრესკლუბში” ორგანიზაციის ხელმძღვანელმა შოთა გულბანმა აღნიშნა, “აფბამ” შეიმუშავა ეკონომიკური ინდექსი, სახელად „ფანასკერტელის ინდექსი“, რომელიც შესაძლებლობას იძლევა მედიკამენტების ყველაზე მოთხოვნად კონკრეტულ ჯგუფებზე ფასებზე დაკვირვებით ცნობილი გახდეს, თუ როგორ იცვლება ფასები მედიკამენტების ბაზარზე.

„მედიკამენტებზე არსებული ფასები, მუდმივად არის მსჯელობის საგანი, ორგანიზაციამ შეიმუშავა ეკონომიკური ინდექსი, სახელად „ფანასკერტელის ინდექსი“ რომელიც შესაძლებლობას იძლევა მედიკამენტების ყველაზე მოთხოვნად კონკრეტულ ჯგუფებზე ფასებზე დაკვირვებით გავიგოთ, თუ როგორ იცვლება ფასები მედიკამენტების ბაზარზე. საქართველოს ფარმაცევტული ბაზარი, ერთ–ერთია იმ სფეროთაგან, რომელიც საზოგადოების ყურადღების ცენტრშია, რამდენადაც მუდმივად ისმის უკმაყოფილება და კითხვები, მედიკამენტების ბაზრის სიძვირესთან დაკავშირებით“, – განაცხადა „აფბას“ ხელმძღვანელმა შოთა გულბანმა.

ბაზარზე არსებული ვითარების შესასწავლად „აფბა“–ს ვრცელი კვლევა უკვე ჩატარებული აქვს, საიდანაც ძირითადი ტენდენციები, რაც ამ ბაზრისთვის დამახასიათებელია, გამოიკვეთა. პირველ რიგში, ეს არის ბაზარზე მოქმედი კომპანიების მიერ მოგების მაღალი მარჟით ოპერირება.

„ფაქტია, რომ ამ სფეროს დიდი სოციალური მნიშვნელობა აქვს. სოციალური პროგრამების მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულ პირთა რაოდენობა მილიონ ნახევარს აჭარბებს, რაც იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოს მოქალაქეთა პრაქტიკულად ნახევრისთვის მედიკამენტებზე არსებული ფასები მძიმე ტვირთია.

სწორედ ამიტომ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვფლობდეთ რეალურ ინფორმაციას, იზრდება თუ მცირდება ფასები ყველაზე მოთხოვნად მედიკამენტებზე და რა პროცესები და ფაქტორები იწვევს ამ ცვლილებებს. „ფანასკერტელის ინდექსი“ სწორედ ამის საშუალებას იძლევა“,- განაცხადა შოთა გულბანმა.

ორგანიზაციის მიერ შესწავლის ფინალურ ფაზაშია ბაზარზე არსებული ყველაზე მოთხოვნადი 200 დასახელების მედიკამენტი, რომლის საფუძველზეც დაიანგარიშება ინდექსი. ფასების დადგენა მოხდა სააფთიაქო ქსელებში ინკოგნიტოდ გამოკითხვისა და სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით.

„აფბა“ თანამშრომლობის თხოვნით მიმართავს ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე მოქმედ კომპანიებს, რათა „ფანასკერტელის ინდექსზე“ ორგანიზაციის მუშაობა იყოს სრულიად გამჭვირვალე და რეალური ვითარების ასახვაზე ორიენტირებული. 

როგორც გულბანი აცხადებს, რამდენიმე კონკრეტული მნიშვნელოვანი დეტალის დაზუსტების შემდეგ „ფანასკერტელის ინდექსის“ ციფრობრივ და პროცენტულ გამოხატულებას უახლოეს მომავალში წარმოადგენს. „ფანასკერტელის ინდექსი“ ყოველთვიურ რეჟიმში განახლდება.

შეგახსენებთ, რომ ზაზა ფანასკერტელ–ციციშვილი – მე–15–ე საუკუნის ქართველი პოლიტიკური მოღვაწე და მეცნიერი, ავტორი ორიგინალური სამედიცინო ძეგლისა „სამკურნალო წიგნი–კარაბადინი“.

ზაზა ფანასკერტელს განსაკუთრებული ადგილი უკავია ძველი ქართული მედიცინის ისტორიაში. ის ძველი დროის ერთადერთი ქართველი ექიმი-მეცნიერია, რომლის ავტორობა სამკურნალო წიგნზე და ბიოგრაფიული მონაცემები ეჭვს არ იწვევს. შესაბამისად, ინდექსის სახელწოდებაზე მუშაობისას, მთავარი ინსპირაცია სწორედ ქართული მედიცინის განვითარებაში მისი დამსახურება და ღვაწლი იყო.

იხილეთ ასევე

სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება …