”ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბა“, არასამთავრობო ორგანიზაცია „ჯანდაცვის პლათფორმასთან“ ერთად, ”ფანასკერტელის ინდექსის“ მეშვეობით მედიკამენტებზე ფასების მონიტორინგს განაგრძობს.
”უკანასკნელი კვლევის მიხედვით, აპრილში დაფიქსირებული ფასები 200 დასახელების ყველაზე მოთხოვნად და პოპულარულ მედიკამენტზე, შედარდა მარტის თვის მონაცემებს, რომლის მიხედვითაც ინდექსი უმნიშვნელოდ, 0,3პუნქტით არის შემცირებული და 11,07 პუნქტს შეადგენს. ჯამში 16 მედიკამენტზე ფასი შემცირებულია, ხოლო 5–ზე გაზრდილი, დანარჩენ მედიკამენტებზე ფასები უცვლელია.
”აფბამ“ მედიკამენტების ბაზრის კვლევა 2015 წლის ნოემბრის თვეში დაიწყო. 6 თვიანი პერიოდის განმავლობაში ინდექსი ყოველ თვიურად დაღმავალი ტრენდით ხასიათდებოდა, რაც რამდენიმე ფუნდამენტალურად მნიშვნელოვანი ფაქტორით იყო განპირობებული.
პირველ რიგში ეს იყო მთავრობის ინტერვენციები ბაზრის დივერსიფიცირებასა და კონკურენციის გამძაფრებასთან დაკავშირებით, რაც ბაზარზე ახალი მოთამაშის „ჰუმანითი ჯორჯიას“ შემოყვანის სტიმულირებით იყო განპირობებული. მსგავსი მაგალითი ქართული ფარმაცევტული ბაზრის უახლოეს წარსულშიც მრავლად დაფიქსირებულა, როცა კონკურენციის გამძაფრებას უმალ მოყვებოდა მედიკამენტების უმეტეს ნაწილზე ფასების გაიაფება.
ხოლო მეორე რიგში, მოქმედი ფარმაცევტული კომპანიების შეცვლილი სტრატეგია მომხმარებლების მიზიდვის კუთხით, რისი ყველაზე რეალური და შესაძლებელი გზა კომპანიების მხრიდან არის კლიენტებისთვის დაბალ ფასად მედიკამენტების შეთავაზება.
ბოლო პერიოდში მედიკამენტებზე ფასების შემცირებაზე დადებითად იმოქმედა ლარის გამყარებამ დოლართან მიმართებაში, რამაც იმპორტირებულ წამლებზე ფასების კლება განაპირობა. აღსანიშნავია, რომ ლარის ბოლოდროინდელმა გამყარებამ და მისმა დასტაბილურებამ 2,31-2,20 ნიშნულის ფარგლებში, აპრილის თვეში ინდექსის მნიშვნელოვანი ცვლილება არ განაპირობა და სურათი თითქმის უცვლელად შენარჩუნდა, ამას ემატება ის ფაქტიც, რომ ფარმაცევტულ ბაზარზე მნიშვნელოვანი ცვლილებები არ განხორციელებულა, რასაც შეეძლო ფასებზე პირდაპირი ან ირიბი ზეგავლენა მოეხდინა”, – ნათქვამია აფბას განცხადებაში.