2017 წლიდან აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მოქმედ პროგრამებს კიდევ ერთი ახალი პროგრამა დაემატება, რომლის მიზანიც რეგიონის ბაღის აღსაზრდელებში კალციუმის დეფიციტის და ოსტეოპოროზის ადრეული გამოვლენაა.
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის 2017 წლის პროგრამების პროექტების საჯარო განხილვა გუშინ, 11 მაისს მოეწყო.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის პრიორიტეტებზე ცენტრის დირექტორის მოადგილემ ნინო ნიჟარაძემ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახალი პროგრამის – ,,Ca–ის დეფიციტის პრევენცია სამიზნე ჯგუფში“- ფარგლებში დაგეგმილია ძვლის სიმკვრივის განსაზღვრა ინსტრუმენტულ -ლაბორატორიული გამოკვლევით (ულტრაბგერითი დენსიტომეტრია, კალციუმის განსაზღვრა სისხლში) და საჭიროების შემთხვევაში მედიკამენტოზური პროფილაქტიკა.
პროგრამის მოსარგებლეები რეგიონის საბავშვო ბაღის აღსაზრდელები იქნებიან.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ასევე, ცვლილება შევა პროგრამაში – ,,ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა ორსულებში“. 2017 წელს ყველა მოსარგებლეს ჩაუტარდება მედიკამენტოზური პროფილაქტიკა, ხოლო საჭიროების შემთხვევაში ორსულს გადაეცემა მედიკამენტის სამკურნალო დოზის გარკვეული მარაგი.