გრიპისა და გრიპისმაგვარი ინფექციური დაავადებების გახშირებული გართულებების გამო, აჭარაში პოლიკლინიკები მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდნენ.
“პირველს” აჭარის საზოგადაოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს, რომ პირველადი ჯანდაცვის ცენტრები მოსახლეობას ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით დილის 09:00-დან 21:00 საათამდე მოემსახურება.
პოლიკლინიკები და ამბულატორიები იმუშავებენ უქმეებზეც. შაბათ-კვირას პოლიკლინიკები მოსახლეობას 10:00-დან 18:00 საათამდე მიიღებენ. გაზრდილია მედჯგუფების რაოდენობაც.
“არის კიდევ ერთი სიახლე. დღეიდან პაციენტებს, რომლებსაც აქვთ ხველა, ტემპერატურა და ბრონქების გართულება, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფები აღარ მოემსახურება. ასეთ შემთხვევაში მსურველებმა ოჯახის ექიმს, ან პოლიკლინიკებს უნდა მიმართონ. შესაძლებელია ჯგუფის ბინაზე გამოძახებაც. რაც შეეხება სტატისტიკას, მიმართვიანობა ყველა დონის სამედიცინო დაწესებულებებშია გაზრდილი. მაგალითად, ბათუმის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში რესპირატორულ გართულებებზე ბოლო ორი კვირის განმავლობაში, ყოველდღიურად შესული ზარების რაოდენობა თითქმის ასით გაიზარდა, მათ შორის მომრავლდა სტაციონარული მკურნალობის საჭიროების მქონე პაციენტების რაოდენობაც”,- აცხადებენ ორგანიზაციაში.
საგანგებო რეჟიმში პირველადი ჯანდაცვის ცენტრები ორი კვირის განმავლობაში იმუშავებენ, თუმცა საჭიროების მიხედვით, შესაძლოა ეს პერიოდი გახანგრძლივდეს.
აჭარაში ბოლო პერიოდში საგრძნობლად გავრცელდა რესპირატორული დაავადებები. პრობლემის მოგვარების საკითხზე ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრმა ადგილობრივი კლინიკების ხელმძღვანელებთანაც გამართა შეხვედრა. ბათუმში, ქრონიკული დაავადებების ფონზე გავრცელებული გრიპის გამო, რამდენიმე დღის წინ, 2 პაციენტი გარდაიცვალა.
pia.ge