თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს, 11-13 აპრილს, ოფიციალური ვიზიტით ნიკოლაე ტესტინიატუს სახელობის მედიცინისა და ფარმაციის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის (მოლდოვა) პროფესორები ეწვევიან.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” სამედიცინო უნივერსიტეტიდან აცნობეს, დელეგაციაში შედიან ქსოვილთა ბანკის დირექტორი, ქსოვილთა ინჟინერიისა და უჯრედული კულტურის ლაბორატორიის ხელმძღვანელი, პროფესორი ვიორელ ნაკუ; ბიოქიმიისა და კლინიკური ბიოქიმიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ოლგა ტაგადიუსი და პულმონოლოგიისა და ალერგოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ვიქტორ ბოტნარუ.
სამედიცინო უნივერსიტეტის ინფორმაციით, მოლდაველი პროფესორები წაიკითხავენ ლექციებს თსსუ-ის სტუდენტებისა და რეზიდენტებისთვის და შეხვდებიან კოლეგებს.
თსსუ-ს ცნობით, ლექციების თემატიკა შეეხება შემდეგ საკითხებს :
“შეცდომები ფილტვის ინტერსტიციული დაავადებების დიაგნოსტირებისას “, “ფილტვის რენტგენოგრაფია: თერაპევტის თვალსაზრისი”, “ქსოვილოვანი ბიო-ინჟინერია, აქტუალური საკითხები”, რეგენერაციული მედიცინა გენეტიკური დარღვევებისას – გენური თერაპია”, “ძვლის ბიოქიმიური მაჩვენებლები ფიზიოლოგიური მდგომარეობისა და ოსტეოპოროზისას”, “ფილტვის შეშუპების დიფერენციული დიაგნოსტიკა”, “ქსოვილოვანი ბანკი, როგორც უჯრედებისა და ქსოვილების ტრანსპლანტაციის საშუალება” და “ღვიძლის ბიოქიმიის კლინიკური გამოყენება”.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს რექტორთან და ქართველ კოლეგებთან.