რამდენად უსაფრთხოა ქართულ ბაზარზე წარმოდგენილი საბავშვო ტანსაცმლის სარეცხი საშუალებები, რომელთა რეალიზაციაც რუსეთში ორშაბათიდან, 15 ივნისიდან იკრძალება?
საუბარია „უშასტი ნიან“–ის სარეცხ პროდუქციაზე, რომელსაც უკრაინაში არსებული საწარმო „ვინიცაპობუტხიმი“ უშვებს და რომელიც ქართულ ბაზარზე, მათ შორის აფთიაქებშიც იყიდება. აღნიშნული ბრენდი, საპონ „დესტკოესთან“ და სარეცხის ფხვნილ „ვორსინკასთან“ ერთად რუსულ კომპანია „ნევსკაია კოსმეტიკას“ ეკუთვნის.
„უშასტი ნიან“–ი არა მხოლოდ უკრაინის, არამედ სანკტ–პეტერბურგისა და ანგარსკის ქარხნებშიც იწარმოება. გავრცელდება თუ არა სანქციები მათზეც გამომდინარე იქიდან, რომ ფხვნილის შემადგენლობა, წესით, ანალოგიური უნდა იყოს, უცნობია.
რუსული მედია სანქციების პოლიტიკურ სარჩულზე წერს, თუმცა ამავე დროს აღნიშნავს, რომ დასახელებული სარეცხი ფხვნილის გამოყენების საფრთხეები ჩინოვნიკების მიერ არაა მოგონილი და მათ დამოუკიდებელი ექსპერტული კვლევებიც ადასტურებს.
როგორც „ლენტა.რუ“–მ გაარკვია, გარკვეული პერიოდის წინ საბავშვო სარეცხი საშუალებების ხარისხით მომხმარებელთა უფლებების დაცვის საზოგადოება „როსკონტროლი“ დაინტერესდა. უფროსებისთვის განკუთვნილ პროდუქციასთან ერთად ორგანიზაციამ საბავშვო ნივთების ყველაზე პოპულარული სარეცხი საშუალებების ექსპერტიზა ჩაატარა. „უშასტი ნიან“–ის გარდა, ცდები ჩატარდა ისეთი ბრენდებს პროდუქციაზე როგორიცაა „აისტიონოკ“, „დოსენკა“ Persil Expert Sensitive, „პემოს საბავშვო“ და „Tide საბავშვო.“
კვლევის შედეგები შოკისმომგვრელი აღმოჩნდა – ამ პროდუქტებს შორის არცერთი მათგანით არ შეიძლება საბავშვო თეთრეულის გარეცხვა. მიზეზად დასახელდა ტოქსიკურობის ინდექსის დასაშვები ნორმის დარღვევა.
რუსი ექსპერტების განცხადებით, აღნიშნულ პროდუქციაში აღმოჩნდა ზედაპირულად აქტიური ნივთიერება, რომელიც აგრესიულ კომპონენტებს წარმოადგენს და კანზე მოხვედრის შემდეგ იმუნიტეტის დარღვევასა და ალერგიულ რეაქციებს იწვევს, ხანგრძლივი კონტაქტის შემთხვევაში კი არასასურველ გავლენას ახდენს ბავშვის ორგანოებსა და ნერვულ სისტემაზე.
რუსი ექსპერტების განცხადებით, კანის ალერგიული რეაქციების 80% სწორედ საყოფაცხოვრებო ქიმიის შედეგია.
კვლევამ დაადგინა, რომ „უშასტი ნიან“–ს ტოქსიკურობის ყველაზე ცუდი ინდექსი არ აქვს, მაგრამ ფოსფატების წილი რეკორდულია – 15–დან 30 პროცენტამდე.
ექსპერტების თქმით, პრობლემა საბავშვო ჰიგიენური პროდუქციის რუსული ბაზრის სუსტი რეგულაციებია. კიდევ ერთი პრობლემაა სერტიფიცირების არალიცენზირებული ორგანოების არსებობა.
გავრცელებულია მოსაზრება, რომ ერთი და იგივე ბრენდები ევროპისთვის უკეთესი ხარისხის ფხვნილს უშვებენ მათ შორის უსაფრთხოების თვალსაზრისით, ვიდრე რუსული და სხვა ბაზრებისთვის.
არსებობს თუ არა საქართველოში ჰიგიენური პროდუქციის ხარისხის მაკონტროლებელი ორგანო და როგორ უნდა დაიცვას თავი მომხმარებელმა?
“მომხმარებელი. ჯის” დამფუძნებლის ლია თოდუას თქმით, მსგავსი ორგანო საქართველოში არ არსებობს იმის მიუხედავადაც კი, რომ მის ამოქმედებას ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება გვავალდებულებს. კერძოდ, საუბარია ბაზრის ზედამხედველობის ორგანოზე, რომელიც ბაზარზე არსებული პროდუქციის უვნებლობაზე იქნება პასუხისმგებელი და შერჩევის პრინციპით ან მომხმარებლის მიმართვის შემდეგ შეისწავლის ამა თუ იმ პროდუქციის ხარისხს.
„ასეთი ორგანოს შექმნის მოთხოვნით პრემიერმინისტრს მივმართეთ. პასუხი მივიღეთ დაახლოებით ასეთი – რომ ოდესმე შეიქმნება ასეთი ორგანო. მეტი არაფერი. ასე რომ, მომხმარებელს საკუთარი ძალებით უწევს თავის დაცვა მავნებელი პროდუქციისგან – ინფორმაციის ინტერნეტში მოძიებით, ამ სტატიის მსგავსი ინფორმაციის გავრცელებით და ა.შ.“ – განაცხადა თოდუამ.
მისი თქმით, კანონის თანახმად, პროდუქციის უვნებლობაზე პასუხს მწარმოებელი და ასევე იმპორტიორი აგებენ. მაგრამ ამ კანონის აღმასრულებელი და კონტროლის მექანიზმები არ არსებობს.
„კომერსანტი“ ამ თემაზე „უშასტი ნიან“–ის იმპორტიორი კომპანიის კომენტარს ელოდება და მას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.