მთავარი » ჯანდაცვა » საზოგადოებრივი ორგანიზაციები » მანანა ნაჭყებია: PPP მოდელით მივიღებთ თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ საავადმყოფოებს
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ინვესტიცია სწორედ ჯანდაცვის სფეროში განხორციელდება.ჩვენ მივიღებთ თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ საავადმყოფოებს.

მანანა ნაჭყებია: PPP მოდელით მივიღებთ თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ საავადმყოფოებს

თბილისში ჰოსპიტალური სექტორის განვითარებისთვის ნახევარი მილიარდი ლარის ინვესტიცია განხორციელდება.

კონსორციუმი „ალფამედიკი“, რომელიც ამ სფეროში გამოცდილ რამდენიმე კომპანიას აერთიანებს, ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში, სამი საავადმყოფოს რეკონსტრუქციას განახორციელებს. მათი მართვა მომდევნო 20-30 წლის განმავლობაში საჯარო და კერძო სექტორს შორის პარტნიორობის მოდელით მოხდება.

„ახალი მემარჯვენეების“ წევრი მანანა ნაჭყებია გამოეხმაურა ამ საკითხს. მისი თქმით ამგვარი მოდელის დანერგვა პირველ რიგში სახელმწიფოს თანხების დაზოგვას შეუწყობს ხელს.

„ხარჯთეფექტურობის თვალსაზრისით, ჩვენთვის ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილება შეიძლება იყოს. როდესაც ხაზს ვუსვამთ იმ ფაქტს, რომ საქართველოსთვის ამ ეტაპზე საყოველთაო დაზღვევის პროგრამა მნიშვნელოვანი იყო, იმასაც ვგულისხმობთ, რომ ამ პროგრამის ტრანსფორმირება აუცილებელია. სოციალურად მძიმე პირობებში მყოფი ხალხისთვის ეს კარგი გამოსავალია, მაგრამ სახელმწიფოს ძალიან დიდი დანახარჯები აქვს.

რთულია, როდესაც ურთიერთობ მხოლოდ კერძო კომპანიებთან. სახელმწიფოსგან გამოყოფილი თანხების ხარჯზე, მათ რაც შეიძლება, მეტი მოგების მიღება სურთ. ამას ჯანდაცვის სამინისტროც აცნობიერებს. ამიტომ ერთობლივი თანამშრომლობის ფორმა მისაღებია. სახელმწიფოს გარკვეულწილად შეუძლია, გააკონტროლოს საკუთარი თანხები და თავის მხრივ, არც კერძო კომპანია გასწევს არამიზანმიმართულ ხარჯებს.“

ტენდერი შეეხება რესპუბლიკურ საავადმყოფოს, ონკოლოგიურ ცენტრსა და ბავშვთა ინფექციურ საავადმყოფოს. მანანა ნაჭყებიამ ისაუბრა იმ შედეგებზე, რასაც აღნიშნული მოდელით მართვა მოუტანს ამ საავადმყოფოებს:

„საქართველოს ჯანდაცვის სისტემას დღეს აკლია მაღალი მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობის საავადმყოფოები.ისინი ვერანაირ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებენ. უკვე გაჩნდა რამდენიმე საავადმყოფო, სადაც მაღალი ტექნოლოგიებია დიაგნოსტიკის სფეროში, მაგრამ ეს საკმარისი არ არის.  მკურნალობა უნდა ხდებოდეს მაღალი ტექნოლოგიების პირობებში და მედიკამენტებიც მაღალი ხარისხის უნდა იყოს.

ნახევარი მილიარდი მცირე ინვესტიცია არ არის და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ინვესტიცია სწორედ ამ სფეროში განხორციელდება. თუ სწორად წარიმართა ეს თანხა,  ჩვენ მივიღებთ თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ საავადმყოფოებს. ვნახოთ, პრაქტიკა რას გვიჩვენებს,“ – განაცხადა მანანა ნაჭყებიამ.

იხილეთ ასევე

სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება …