16-18 მარტს, ფსიქოსოციალური საჭიროებების მქონე ადამიანთა პრობლემების, მათ წინაშე არსებული გამოწვევების, ამ დარგის სპეციალისტთა კვლევების, მიგნებებისა თუ მიღწევების შესახებ სასტუმრო “თბილისი მარიოტში” სამდღიანი სემინარი ტარდება.
სემინარის ორგანიზატორები ფონდი “გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში-თბილისი”, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და გულბენკიანის გლობალური ფსიქიკური ჯანმრთელობის პლატფორმა არიან. სემინარს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე გახსნის.
როგორც “ინტერპრესნიუსს” ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს, 3 დღის განმავლობაში ქართველი და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული სპეციალისტები მსოფლიოში დაგროვებულ გამოცდილებაზე იმსჯელებენ.
მომხსენებელთა და დისკუსიის თემები იქნება – რა თავისებურებები აქვთ ფსიქოსოციალური საჭიროებების მქონე ბავშვებს, რა სერვისები სჭირდებათ და როგორ უნდა განვითარდეს ეს მომსახურებები, როგორია ფსიქიკური ჯანდაცვის სისტემა უფროსებისა და ბავშვებისათვის, რა უფლებები აქვთ მათ, რა რეფორმები ტარდება ქვეყანაში ამ მიმართულებით. სემინარზე ასევე შემუშავდება რეკომენდაციები ბავშვთა და მოზრდილთა დეინსტიტუციონალიზაციის მიმართულებით, რაც ფსიქიკური ჯანმრთელობის 2016-2020 წლების ეროვნული გეგმის პრიორიტეტებსაც ასახავს.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სახელმწიფო გეგმავს გაგრძელდეს დიდი ზომის ინსტიტუციების ოპტიმიზაციისა და დახურვის თანმიმდევრული პროცესი. ინსტიტუციაში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისათვის შეიმუშაოს და განავითაროს ოჯახის ჩამნაცვლებელი, სპეციალიზებული მინდობით აღზრდისა და საოჯახო ტიპის სახლის მომსახურებები შშმ ბავშვთა საჭიროებების მაქსიმალური გათვალისწინებით, რომელიც მოიცავს დამატებით საექთნო და სარეაბილიტაციო მომსახურებებს.