ჯანდაცვის სამინისტროსა და ,,გლობალური ალიანსის“ ერთობლივი ინიციატივით, ქვეყნის მასშტაბით, თითქმის ერთი თვეა მიმდინარეობს მოსახლეობის გამოკითხვა. სოციალური კამპანიის – ,,რა გაწუხებთ?“ მიზანია, ჯანდაცვის სექტორში არსებულ პრობლემებზე, გამოწვევებსა და საჭიროებებზე საზოგადოებამ საკუთარი აზრი დააფიქსიროს.
გამოკითხვის შედეგებს ჯანდაცვის სამინისტრო რეფორმების განხორციელების პროცესში გაითვალისწინებს.
ალერგოლოგიის ცენტრის ,,ალერგია 21–ე საუკუნე“ დირექტორი ირინა მიმინოშვილი მიიჩნევს, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ასეთი ინიციატივა სწორი ნაბიჯია:
,,ამ სოციალური კამპანიის შესახებ ინტერნეტის მეშვეობით გავიგე. ვფიქრობ, მნიშვნელოვანი ინიციატივაა. სახელწოდებაც – ,,რა გაწუხებთ?“ – სწორად შერჩეული შეკითხვაა, რასაც მოკლე, მაგრამ კონკრეტული პასუხი უნდა გაეცეს. მის ეფექტიანობაზე საუბარი გამოკითხვის დასრულების შემდეგ ჯობია, რადგან, მიმაჩნია, რომ ყველაფერმა გარკვეული გზა უნდა გაიაროს. მოგვიანებით, შედეგები გვიჩენებს,ჯანდაცვის სექტორში სად არის კორექტირება საჭირო და რა მიმართულებით რა ღონისძიებები იქნება გასატარებელი. ეს ძალიან კარგი დასაწყისია. კარგია, რომ სამინისტრო ინტერესდება მოქალაქეების აზრით,“– აღნიშნა ირინა მიმინოშვილმა.
შეგახსენებთ, რომ სოციალური კამპანია – ,,რა გაწუხებთ?“ 22 იანვარს დაიწყო და გამოკითხვის შედეგები საზოგადოებისთვის მალე გახდება ცნობილი. ,,გლობალური ალიანსისა“ და ჯანდაცვის სამინისტროს ერთობლივი ინიციატივის მიზანია, მოუსმინოს მოქალაქეებს, გაიგოს მათი პრობლემების შესახებ და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში გაითვალისწინოს.