თბილისი (BPI) – ფარმაცევტულ ბაზარზე ახალი კომპანიის „ჰუმანითი ჯორჯიას“ შემოსვლას საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა.
ექსპერტების ნაწილი მიესალმება ბაზარზე ახალი მოთამაშის გამოჩენას, ხოლო ნაწილი მიიჩნევს, რომ კომპანიის მიერ შემოტანილი პრეპარატები დაბალი ხარისხის იქნება და დაბალ ფასსაც ეს განაპირობებს. როგორც ცნობილია, კომპანია ინდოეთიდან 250 დასახელების მედიკამენტს შემოიტანს, ხოლო მოგვიანებით, ფარმაცევტული ქარხნის მშენებლობა და პროდუქციის ექსპორტზე გატანა იგეგმება.
თავისუფალ მოქალაქეთა გაერთიანების პრეზიდენტი გიორგი ფხალაძე ეხმაურება ბაზარზე „ჰუმანითი ჯორჯიას შემოსვლას და აცხადებს, რომ ეს დადებითად აისახება მოსახლეობაზე.
„ძალიან კარგია ყოველი ახალი მოთამაშის შემოსვლა ბაზარზე. გაიზრდება კონკურენცია, რაც დადებითად აისახება ფასებზეც და ტენდენციაც უფრო კლებისკენ წავა. საბოლოოდ, ეს ყველაფერი კარგად იმოქმედებს მოსახლეობის შესაძლებლობებზე, ხელი მიუწვდებოდეს სასურველ პროდუქტზე და მომსახურებაზე. შესაბამისად, მე მხოლოდ დადებითი აზრის ვარ და მივესალმები „ჰუმანითი ჯორჯიას“ შემოსვლას ბაზარზე“, – აცხადებს გიორგი ფხალაძე.
თავისუფალ მოქალაქეთა გაერთიანების პრეზიდენტი გავრცელებულ ხმებს, თითქოს კომპანიის მიერ შემოტანილი მედიკამენტები დაბალხარისხიანი იქნება, შავ პიარს უკავშირებს.
„დარწმუნებული ვარ, ამ კომპანიის მიერ შემოტანილ მედიკამენტებს აქვთ ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატები და აკმაყოფილებენ სტანდარტებს. ამიტომ, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მათ მიერ შემოტანილი მედიკამენტები დაბალი ხარისხისაა, შავი პიარი მგონია. თუ ბატონი მაშკევიჩი ჩვენთან დიდ ფულს დახარჯავს, ამას რა სჯობია?“, – ამბობს გიორგი ფხალაძე.