იანვრის ბოლოდან სოციალური ინიციატივა „რა გაწუხებთ?“ დაიწყო, რაც ითვალისწინებს მოსახლეობის გამოკითხვას ჯანდაცვის საჭიროებებთან დაკავშირებით.
მიღებული შედეგების მიხედვით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და „გლობალური ალიანსი“ შესაბამის ნაბიჯებს გადადგამენ. გამოკითხვის შედეგებს შეაჯამებს და დაამუშავებს სოციოლოგიური კვლევის კომპანია.
აღნიშნულ ინიციატივას ბავშვთა და მოზრდილთა ალერგიის ცენტრის კლინიკური დიაგნოსტიკური ლაბორატორიის ხელმძღვანელი ნინო ბაგაური გამოეხმაურა. როგორც იგი მიიჩნევს, მსგავსი გამოკითხვები ხელს შეუწყობს მოსახლეობის პრობლემების წარმოჩენას.
„ასეთი გამოკითხვების ჩატარებით, რომლებიც ჯანდაცვაში არსებული პრობლემების გამოვლენას ეხება, არაფერი შავდება. პირიქით, მოსახლეობა თავად იტყვის რაც აწუხებს. თუმცა, უნდა აღინიშნოს, ასეთი მოწესრიგებული და ასე აწყობილი ჯანდაცვის სისტემა ჯერ არ ყოფილა. ამას ყველა აღნიშნავს, მოსახლეობაც და ექიმებიც. ადამიანს ცუდად გახდომის ნამდვილად აღარ ეშინია,“ – განაცხადა ნინო ბაგაურმა.
რაც შეეხება ბოლო წლების ყველაზე მნიშვნელოვან მიღწევებს, ნინო ბაგაური მიიჩნევს, რომ ასეთი პროექტები იყო.
„ბოლო პერიოდში ბევრი მნიშვნელოვანი რამ გაკეთდა, მაგალითად თუნდაც საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამა. როგორც უკვე აღვნიშნე, ადამიანს მართლაც აღარ ეშინია ავად გახდომის და იმის, რომ უსახსრობის გამო მას ყურადღებას არ მიაქცევენ“, – ამბობს ნინო ბაგაური.