მთავარი » ჯანდაცვა » საზოგადოებრივი ორგანიზაციები » ამ პროექტით ძალიან ბევრ ადამიანს მოუსმენენ და ხალხს ყურს დაუგდებენ
ჯანდაცვის სამინისტრომ უნდა იცოდეს მოსახლეობის ძირითადი პრობლემები.კარგია, თუ ამ გამოკითხვას ჩაატარებენ და ბევრ ადამიანს მოუსმენენ და ხალხს ყურს დაუგდებენ.

ამ პროექტით ძალიან ბევრ ადამიანს მოუსმენენ და ხალხს ყურს დაუგდებენ

„რა გაწუხებთ?“ ახალი სოციალური ინიციატივაა, რომელიც მოსახლეობის სურვილებისა და საჭიროებების გამოსავლენად იქნა შემუშავებული.

ინიციატივა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ და „გლობალური ალიანსის“ პრეზიდენტმა ჟან-ელი მალკინმა წარადგინეს. სოციოლოგიური კვლევის კომპანიის მიერ დამუშავებულ და შეჯამებულ შედეგებს ჯანდაცვის სამინისტრო ჯანდაცვის სფეროს სრულყოფისთვის გაითვალისწინებს.

„დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს“  წევრი თამარ ცინცაბაძე გვესაუბრა ჯანდაცვაში არსებული პრობლემების გამოსავლენად ასეთი ტიპის გამოკითხვების მნიშვნელობაზე.

„მოსახლეობის გამოკითხვა, მათი აზრის მოსმენა და გათვალისწინება, ზოგადად, ძალიან მნიშვნელოვანია. უნდა გაიგო მოსახლეობის წუხილი, მაგრამ შემდგომში აღარ ხდება ამ გამოკითხვების შედეგების გაანალიზება, გათვალისწინება და მათი პოლიტიკაში ასახვა. თუმცა, ჯანდაცვის სამინისტრომ ისედაც კარგად უნდა იცოდეს მოსახლეობის ძირითადი პრობლემები, მაგრამ მაინც ძალიან კარგია, თუ ამ გამოკითხვას ჩაატარებენ და ძალიან ბევრ ადამიანს მოუსმენენ და ხალხს ყურს დაუგდებენ,“ – განაცხადა თამარ ცინცაბაძემ.

მან ასევე გამოყო რამდენიმე ძირითადი პრობლემა, რომელიც დღეს ჯანდაცვის სისტემაში გვხვდება.

„ერთ-ერთ პრობლემად შეიძლება გამოვყოთ, ხელმისაწვდომობა. ეს პრობლემა თბილისელებისთვის მეტ-ნაკლებად მოგვარებულია, მაგრამ რაიონებისა და სოფლების მცხოვრებლებისთვის ეს კვლავ პრობლემად რჩება. 

მეორე, ესაა ინფორმირება, რამდენად ინფორმირებულია მოსახლეობა თავის უფლებების შესახებ ჯანდაცვის სფეროში, რისი მოთხოვნა შეუძლია, რისი მიღება. ხშირად ისიც არ იციან, რაშია გადასახადი და რაში არა. ხარისხიანი ჯანდაცვა კვლავ პრობლემად რჩება, ცოტა უფრო დასახვეწია ბიუროკრატიული აპარატი ჯანდაცვის სფეროში, მომსახურების მიღება ურთულდება მოსახლეობას, რაც მათ გაღიზიანებას იწვევს და საბოლოოდ უარს ამბობენ მის მიღებაზე“, – მიიჩნევს თამარ ცინცაბაძე.

პრობლემების პარალელურად, მან ისაუბრა ჯანდაცვის სფეროში განხორციელებულ იმ პროექტებზეც, რომლებიც, მისი აზრით, წარმატებული აღმოჩნდა.

„საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამამ მოსახლეობის უდიდეს ნაწილს, რომელიც აბსოლუტურად დაუცველი იყო, საშუალება მისცა ფინანსური პრობლემა გადაეწყვიტა სამედიცინო მომსახურების მიღების თვალსაზრისით. ასევე მნიშვნელოვანია პირველადი ჯანდაცვის რგოლის რეფორმის პროექტი. ამ მხრივ, ჯერ კიდევ ბევრი ყურადღებაა მისაქცევი, მაგრამ უკვე დაიწყო მუშაობა ჯანდაცვის სამინისტრომ და ვნახოთ შედეგები.

პირველადი ჯანდაცვა აუცილებლად უნდა იყოს ნომერი პირველი და ამაზე უნდა მოხდეს აქცენტირება. ჯანდაცვა უნდა იყოს ხარისხიანი, ხელმისაწვდომი გეოგრაფიულად და ფინანსურად და მე იმედი მაქვს, ნელ-ნელა ეს ყველაფერი მოგვარდება“, – აცხადებს თამარ ცინცაბაძე.

for.ge

იხილეთ ასევე

სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება …