„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბამ“ ფარმაცევტულ ინდექსზე – „ფანასკერტელის ინდექსი“ მუშაობა დაასრულა და ბაზარზე არსებული ვითარება გაასაჯაროვა.
„აფბას“ ყოველთვიურ ჭრილში (2015 წლის ნოემბერ–დეკემბერი და 2016 წლის იანვარი) მედიკამენტების ფასებზე სამთვიანმა დაკვირვებამ აჩვენა, რომ რომ „ფანასკერტელის ინდექსი“ პირველ შემთხვევაში 1,75%–ით, ხოლო მეორე შემთხვევაში 4,64%–ით შემცირდა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მედიკამენტების ბაზარზე ფასების კლების ტენდენცია დაფიქსირდა.
როგორც „აფბას“ პრეზიდენტი შოთა გულბანი აღნიშნავს, „ფანასკერტელის ინდექსი“ გაიანგარიშება ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული 200 დასახელების ყველაზე მოთხოვნადი მედიკამენტის ფასების მონიტორინგით, სადაც შედის როგორც ქართული, ისე უცხოური წარმოების მედიკამენტები. აგრეთვე, როგორც ორიგინალი დასახელების, ისე შემცვლელი – „ჯენერიკები“.
გულბანის თქმით, ქართული წარმოების წამლებზე ფასების კლება არ შეინიშნება, ვინაიდან აქ პრაქტიკულად ბაზრის ორი ძირითადი მოთამაშე დომინირებს და შესაბამისად, საფასო პოლიტიკის წარმოებისას, როგორც ჩანს, კონკურენცია ნაკლებია.
ფასები დიდწილად იმპორტირებულ მედიკამენტებზე შემცირდა, რამაც „ფანასკერტელის ინდოეთის“ დაღმავალი ტენდენცია გამოიწვია, ხოლო ეს კლება დროში ემთხვევა ბაზარზე ახალი, მსხვილი მოთამაშის – ჰუმანითი ჯორჯიას გამოჩენის მოლოდინს და პრაქტიკულად მის მიერ ბაზრისთვის მედიკამენტების სავარაუდოდ მინიმუმ 30%–ით იაფად შეთავაზებით არის განპირობებული, – აცხადებს გულბანი.
აღნიშნული გარემოება კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ქვეყანაში ფარმაცევტულ ბაზარზე ნორმალური, საბაზრო ეკონომიკის პრინციპებისადმი შესაბამისი კონკურენციის შექმნის შემთხვევაში, ფასები მედიკამენტებზე საგრძნობლად დაიკლებს.
გულბანს მიჩნია, რომ სწორედ ბაზარზე ახალი მსხვილი მოთამაშის შემოსვლის მოლოდინი გახდა „ფანასკერტელის ინდექსის“ შემცირების გამომწვევი მთავარი მიზეზი.
„აფბას“ ინფორმაციით, ინდექსის გაანგარიშება მიმდინარეობდა 2015 წლის ნოემბერ-დეკემბრის და 2016 წლის იანვრის მდგომარეობით მედიკამენტებზე დაფიქსირებული ფასებზე დაკვირვების მეშვეობით. ფასებზე დაკვირვება განხორციელდა, როგორც ინკოგნიტოდ გამოკითხვის, ისე პირდაპირი შესყიდვების მეშვეობით.
2015 წლის ნოემბერში „ფანასკერტელის ინდექსმა“ შეადგინა 14,5, დეკემბერში 14, ხოლო 2016 წლის იანვარში 13,35 პუნქტი.
„აფბა“–ში აცხადებენ, რომ „ფანასკერტელის ინდექსი“ ყოველთვიურ რეჟიმში განახლდება.