შობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს სოლიდარობის ფონდის აღმასრულებელი დურექტორი, მარიამ ჯაში დღეს იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოს ესტუმრება და ბავშვებს სიმბოლურ საჩუქრებს გადასცემს.
კერძოდ, მარიამ ჯაში იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოს ონკო-ჰემატოლოგიურ განყოფილებას და ლაიფმედის კლინიკას ეწვევა, სადაც საქართველოს სოლიდარობის ფონდის მიერ დაფინანსებული ბავშვები მკურნალობენ.
აქვე საქართველოს სოლიდარობის ფონდი მსურველებს აქციაში მონაწილეობას სთავაზობს.
ცნობისთვის, საქართველოს სოლიდარობის ფონდი 2014 წელს, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით შეიქმნა, როგორც საზოგადოების, კერძო და საჯარო სექტორის ერთობლივი მონაწილეობით ფილანტროფიისა და ინოვაციური დაფინანსების ერთიანი პლატფორმა.
პირველ ეტაპზე სოლიდარობის ფონდი სიმსივნით დაავადებულ 22 წლამდე ასაკის ბავშვებსა და ახალგაზრდებს უწევს დახმარებას, თუმცა ფონდის მანდატი ბევრად უფრო ვრცელია და საზოგადოების მზარდი ჩართულობით სოლიდარობის ფონდი შეძლებს პროგრამების გაფართოვებას როგორც ჯანმრთელობის, ასევე სოციალური დაცვის მიმართულებებით.
დაფუძნებიდან დღემდე ფონდს 55 ათასზე მეტი საჯარო სამსახურის თანამშრომელი, 23 კერძო კომპანია და 53 სტუდენტური ორგანიზაცია შემოუერთდა. შედეგად, 2014 წლის ივლისიდან 2015 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით, ფონდში საერთო ჯამში 5.5 მლნ ლარი იქნა მობოლიზებული. უკვე მობილიზებული და ასევე პროგნოზული დონაციების გათვალისწინებით, საქართველოს სოლიდარობის ფონდმა უკვე 192 ბავშვისა და ახალგაზრდის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის დაფინანსება დაამტკიცა.
სოლიდარობის ფონდის მხარდაჭერა დამტკიცდა როგორც საქართველოში, ასევე 98 შემთხვევაში საზღვარგარეთ: გერმანიის, ესპანეთის, იაპონიის, ისრაელის, იტალიის, საფრანგეთისა და თურქეთის კლინიკებში დიაგნოსტიკისა და მკურნალობისათვის.