მთავარი » ჯანდაცვა » საზოგადოებრივი ორგანიზაციები » ირინა ქაროსანიძე : ქვეყანაში წამლის ხარისხის კონტროლის ლაბორატორია უნდა იყოს
ირინა ქაროსანიძე მიიჩნევს რომ, პირველადი ჯანდაცვის და სახელმწიფოს პრეროგატივა გახლავთ სპეციალური პროგრამის შემუშავება მედიკამენტების ხელმისაწვდომობისთვის.

ირინა ქაროსანიძე : ქვეყანაში წამლის ხარისხის კონტროლის ლაბორატორია უნდა იყოს

ოქტომბრის ბოლოს ჯანდაცვის სამინისტრო ,,გლობალ ალიანსთან“ ერთად ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმის კონკრეტულ გეგმას წარმოადგენს.

რეფორმის ფარგლებში უნდა გაძლიერდეს ოჯახის ექიმის როლი, რესურსები უნდა მოხმარდეს დაავადებების პრევენციასა და ნაადრევ გამოვლენას, ასევე ჯანდაცვის სამინისტრომ, შესაძლოა, მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისთვის, გარკვეული შეღავათებიც შემოიღოს სხვადასხვა ტიპის მედიკამენტებზე.

ფარმაცევტულ ბაზარზე არსებულ ვითარებასა და წამლების ხარისხის კონტროლთან  დაკავშირებით, საქართველოს საოჯახო მედიცინის პროფესიონალთა კავშირის თავმჯდომარე,   ირინა ქაროსანიძე საუბრობს.

მისი განცხადებით, ზოგადად, მისახედია წამლის ტრანსპორტირების და შენახვის პირობების დაცვა. „ჩვენ ექიმებს ვასწავლით „evidence based“ მედიცინას, ანუ როგორ უნდა შეაფასონ კონკრეტულ წამალთან დაკავშირებული კვლევები. მაგრამ რომელი ქვეყანა რამდენად სტანდარტებით დაცულ მედიკამენტს გვაწვდის, ეს სახელმწიფოს პრეროგატივაა და ის უნდა იყოს გარანტი.

თუმცა ექიმებს პირადად აქვთ პრაქტიკული გამოცდილება და იციან რა წამალია ეფექტიანი და რა – არა. ისინი თვითონვე ახერხებენ ამორჩევას. ეს, რა თქმა უნდა,  ძალიან ცუდი პრაქტიკაა, მაგრამ როცა სხვა ალტერნატივა არ არსებობს, მედიკოსები საკუთარ თავზე იღებენ ამ ფუქციასაც.

ქვეყანაში უნდა იყოს წამლის ხარისხის კონტროლის ლაბორატორია და სწორედ მასზე დაყრდნობით ხდებოდეს მედიკამენტების კონტროლი. ექიმებისგან ხშირად მსმენია, რომ ახალ  პრეპარატს უკეთდება ხმაურიანი რეკლამა, კარგად მუშაობს მარკეტინგი, თუმცა ცოტა ხანში შეიძლება აღმოჩნდეს, რომ ისეთი ეფექტიანი სულაც არ არის, როგორც რეკლამა გვიჩვენებდა“, – ამბობს ირინა ქაროსანიძე.

ირინა ქაროსანიძემ აღნიშნა, ქვეყანაში აშკარად შეინიშნება რამდენიმე მოთამაშის დომინირება და უპირატეს მდგომარეობაში ყოფნა, თუმცა, ძნელია ცალსახად იმის თქმა, რომ მონოპოლია არსებობს ფარმაცევტულ ბაზარზე:

„ვერ გეტყვით ფარმაცევტულ ბაზარზე  კონკრეტულად მონოპოლია არის თუ ოლიგოპოლია. თუმცა, რეალობა გვიჩვენებს, რომ რამდენიმე კომპანია არის დომინანტი, იქ მომსახურების და წამლების შენახვის დონეც მაღალია და შესაბამისად, მაღალია მათ მიმართ მოსახლეობის ნდობაც. დღეს უპირატეს მდგომარეობაში 4–5 კომპანია. თანაც, არც ისე დიდი ქვეყანა ვართ, რომ 10 ან 15 სხვადასხვა სააფთიაქო ქსელი მუშაობდეს“– აღნიშნა მან.

როგორც ირინა ქაროსანიძემ განაცხადა, პირველადი ჯანდაცვის და სახელმწიფოს პრეროგატივა გახლავთ რომ სპეციალური პროგრამა შემუშავდეს, რომელიც გარკვეულ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გარანტიას მისცემს პაციენტებს.

„სხვანაირად ჯანდაცვის სისტემის მუშაობას ფასი ეკარგება. წამლის გარეშე ძნელია მიაღწიო ეფექტიანობას. ამჟამად ჯანდაცვის მინისტრთან ერთად ვმუშაობთ გაანგარიშების პროცესში, თუ რომელი წამლები უნდა იყოს სახელმწიფოს მიერ გარკვეული შეღავათებით მიწოდებული.

ჩვენ გვაქვს ძალიან მყარი პოზიცია, რომ სახელმწიფომ თავის თავზე უნდა აიღოს არტერიული ჰიპერტენზიის და  ბრონქული ასთმის მართვა, დიაბეტის პერორარული მედიკამენტები აუცილებლად უნდა მიეწოდებოდეს პაციენტებს შეღავათებით.

გარდა ამისა,  პარკინსონი, ეპილეფსია ისეთი დაავადებებია, რომელთა სამკურნალო პრეპარატების მიწოდებაც სახლმწიფომ უნდა უზრუნველყოს. ამაზე სახელმწიფოსთვის სპეციალური გაანგარიშებები გვაქვს წარდგენილი, როგორც ვიცი მუშაობენ ამ საკითხზე და ჯანდაცვის მინისტრი გვპირდება, რომ 2016 წლის ბიუჯეტში გაითვალისწინებენ. სხვანაირად მკურნალობის ეფექტიანობაზე ლაპარაკს აზრი არ აქვს“– აღნიშნა ირინა ქაროსანიძემ.

epn.ge

იხილეთ ასევე

სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება …