მთავარი » ჯანდაცვა » საზოგადოებრივი ორგანიზაციები » ინფექციური საავადმყოფოს თანამშრომლები ხელისუფლებას დახმარების თხოვნით მიმართავენ
ინფექციური საავადმყოფოს თანამშრომლები ხელისუფლებას დახმარების თხოვნით მიმართავენ

ინფექციური საავადმყოფოს თანამშრომლები ხელისუფლებას დახმარების თხოვნით მიმართავენ

ინფექციური საავადმყოფოს თანამშრომლები ხელისუფლებას დახმარების თხოვნით მიმართავენ. მას შემდეგ, რაც ინფექციური საავადმყოფოს შენობა გაიყიდა (2009 წელი), რომელიც „ავერსის” კლინიკამ შეიძინა, მათთვის ალტერნატიული ფართი ჯერ არ არსებობს.

თანამშრომლები ჯანდაცვის უწყების წარმომადგენლებს სეფსისის ცენტრის გახსნაზე გამაფრთხილებელი აქციებით დახვდნენ. მათი განცხადებით, ადამიანები, რომლებიც ინფექციურ საავადმყოფოში მუშაობენ და მკურნალობენ, ქუჩაში რჩებიან.

„ათასობით აივ-ინფიცირებული, ასიათასობით ჰეპატიტით და სხვა ინფექციური დაავადებებით დაავადებული პაციენტი სამედიცინო სერვისებისა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მკურნალობის გარეშე დარჩება”, – აცხადებს ინფექციური საავადმყოფოს ექიმი ოთარ ჩოკოშვილი.

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ინფექციური სნეულებათა საავადმყოფო ჯანდაცვის სტრატეგიული ობიექტია – „ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ ობიექტმა, იმ მისამართზე ან სხვა მისამართზე იფუნქციონიროს შეფერხებების გარეშე”, – აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი.

ინფექციური საავადმყოფოს თანამშრომლები სოციალური ქსელის გვერდზე სახელმწიფოს დახმარების თხოვნით მიმართავენ:

„SOS! ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი კლინიკა და ათასობით ადამიანი მთავრობისგან შველას ელის!

საამაყოა ქართველების ერთად დგომა! გაჭირვების დროს ერთობა რომ შეგვიძლია, ეს ისტორიამაც დაამტკიცა და ბოლო წლებმაც. მთელი ქვეყანა გაერთიანდა წყალდიდობასთან და ხანძართან ბრძოლაში ზოოპარკის ცხოველებისა და ხანძრისგან ხეების გადასარჩენად. ამ ყველაფერში კი მთავრობის, განსაკუთრებით, ჯანდაცვის სამინისტრო როლი უმნიშვნელოვანესი იყო.

მაგრამ, როცა საქმე უდიდეს ადამიანურ კატასტროფას ეხება, ჩემი და კიდევ ათასობით ადამიანის გასაოცრად, იგივე ჯანდაცვის სამინისტრო და მთავრობა არაფერს აკეთებს!

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრი, Idacirc Georgia – ეს ძირძველი და მსოფლიო ასპარეზზე წარმატებული სამედიცინო დაწესებულება კატასტროფულ მდგომარეობაშია, შენობის და შესაბამისი ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო. დღეისათვის, ცენტრი განთავსებულია ამორტიზებულ შენობებში, რომელიც 2009 წელს ჩალის ფასად გაიყიდა და მთავრობის მიერ სანაცვლოდ დაპირებული ახალი შენობა, დღემდე დაპირებად რჩება! ამის გამო ცენტრი თავისივე ყოფილ, ჯერ წართმეულ და შემდეგ მისთვისვე ნაქირავებ შენობებშია განთავსებული!

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრი უკვე იმ მდგომარეობაშია, რომ მუშაობის გაგრძელება შეუძლებელი ხდება და თუკი ცენტრმა ფუნქციონირება შეწყვიტა – ათასობით აივ-ინფიცირებული, ასიათასობით ჰეპატიტით და სხვა ინფექციური დაავადებებით დაავადებული პაციენტი სამედიცინო სერვისებისა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მკურნალობის გარეშე დარჩება. მოსალოდნელი საფრთხეების ფონზე, საინტერესოა, რატომ არავის აღელვებს ამ პაციენტების ბედი! ნუთუ არ არის მნიშვნელოვანი ამდენი ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე ჯანდაცვის სამინისტროსთვის და მთავრობისთვის?!

ცენტრის მთელი კოლექტივი ძალ-ღონეს არ ვიშურებთ და კიდევ ვცდილობთ, ქვეყანას ავარიდოთ ამ მძიმე ინფექციური დაავადებების ეპიდემია და კვლავ დავეხმაროთ პაციენტებს, რომლებსაც უკვე წლებია, მხოლოდ ჩვენი თავდადებული მზრუნველობით ვუნარჩუნებთ ჯანმრთელობას და სიცოცხლეს.

მოვუწოდებ ჩვენი ქვეყნის ხელისუფალთ, ყველას, ვისაც ხელეწიფება ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის პრობლემების მოგვარება, განსაკუთრებით ჯანდაცვის სამინისტროს, დროულად გამოგვიყონ მიწა და აგვიშენონ დაპირებული შენობა, მისცენ ცენტრს გამართულად მუშაობის საშუალება და მოგვცენ შესაძლებლობა, კვლავ დავეხმაროთ და გადავარჩინოთ მრავალი ადამიანი!

იმედი გვაქვს, რომ უახლოეს მომავალში მივიღებთ შესაბამის, საქმით გამყარებულ მხარდაჭერას ხელისუფლებისაგან და ეს იქნება კიდევ ერთი უნიკალური მაგალითი მთავრობისა და ქვეყნის გაერთიანებისა ადამიანთა ჯანმრთელობისა და სიცოცხლის გადასარჩენად!!!” – აცხადებს ექიმი ოთარ ჩოკოშვილი.

ლანა გაწერელია:

„თუ ვინმეს ჰგონია ჯანდაცვის ან ინფრასტრუქტურის სამინისტროში, რომ ჩვენს, უნივერსიტეტის მიმდებარედ მდებარე ტერიტორიას წაგვართმევს და მის მაგივრად მოგვიგდებს ლილოში ან იმის იქით… მიგდებულ, სამედიცინო დაწესებულებისათვის უვარგის ტერიტორიას, ძალიან ცდება. ჩვენ დასაკარგი აღარაფერი გვაქვს, ისედაც ლტოლვილებად ვართ ქცეული საკუთარ ტერიტორიაზე და არაადამიანურ პირობებში გვიხდება პაციენტების მიღება.

ვეღარ დაველოდებით, როგორ გაასხვისებს სარფიანად, უსახური კორპუსის და/ან „ფეშენ” სასაფლაოს გასაშენებლად ჩვენს კუთვნილ ტერიტორიას მორიგი გაზულუქებული ჩინოვნიკი და გადაგვისვრის სადღაც, როგორც მეორადებს. ყველა ზომას ვიხმართ, თუ საჭირო გახდა, უკიდურესსაც…

დარწმუნებული იყავით, არაფრის დათმობას აღარ ვაპირებთ!!!” – წერს ექიმი.

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ახალი შენობის მშენებლობა მაქსიმუმ სამი წლის ვადაში დასრულდება, მანამდე კი უმოკლეს დროში არსებული შენობა გარემონტდება, – აღნიშნული შეთანხმება საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ცენტრის თანამშრომლების 6 ივნისის შეხვედრაზე შედგა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია. 

reportiori.ge

იხილეთ ასევე

სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება …