მთავარი » ჯანდაცვა » საზოგადოებრივი ორგანიზაციები » VIVO Medical Group–ქართული ჯანდაცვის სისტემა ძალიან შორსაა იდეალურისგან
რამდენიმე სამედიცინო ცენტრი VIVO Medical Group-ის სახელით გაერთიანდნენ. „კომერსანტი“ გთავაზობთ ინტერვიუს VIVO Medical Group-ის დამფუძნებელ გიორგი ყიფიანთან

VIVO Medical Group–ქართული ჯანდაცვის სისტემა ძალიან შორსაა იდეალურისგან

კლინიკებისა და მომსახურების მოდერნიზაცია, პაციენტზე მორგებული სამედიცინო პერსონალის პროფესიული განვითარება, მომსახურების ხარისხის ზრდა და მუდმივი მონიტორინგი – სწორედ ამ მიზნით რამდენიმე სამედიცინო ცენტრი VIVO Medical Group-ის სახელით გაერთიანდნენ.

„კომერსანტი“ გთავაზობთ ინტერვიუს VIVO Medical Group-ის დამფუძნებელ გიორგი ყიფიანთან:

-კომპანია VIVO Medical Group-ი ქართულ ბაზარზე  რა მიზნით და რა კაპიტალით შემოვიდა. ასევე საინტერესოა,ამ დროისთვის ჯგუფში  რამდენი კომპანიაა გაერთიანებული? 

-ჩვენ დაახლოებით 5-6 თვის წინ ჩამოვყალიბდით. ჯგუფში გაერთიანებულია სამედიცინო დაწესებულებები, რომელსაც ვმართავთ. მათ საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვთ. ესენია, თბილისის ცენტრალური საავადმყოფო, სამედიცინო ცენტრი ინოვა, ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარული ცენტრი და ჟორდანიას კლინიკა. ამის გარდა,ჩვენ მოვახდინეთ ჟორდანიას სახელობის ინსტიტუტის შემოერთება. აღნიშნულ დაწესებულებასთან დაკავშირებით საკმაოდ დიდი გეგმები გვაქვს. განახლებული კლინიკა უკვე გაიხსნა. სრული დატვირთვით მუშაობას ის მიმდინარე წლის 1 აგვისტოდან მოხდება.

რაც შეეხება კაპიტალს, ეს არის 100 პროცენტით ქართული კაპიტალი.მოზიდული გვაქვს ინვესტიციები საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, ბანკებიდან და უცხოელი ინვეტორებიდან. თუმცა, ქართველების საკუთრებაშია.

-რა პრინციპით მოხდა კლინიკების შერჩევა? 

-ჩვენ ყოველთვის აქცენტი ხარისხიან და მაღალტექნოლოგიურ მედიცინაზე გვაქვს აღებული. ეს კი საშუალოზე მაღალ საფასო სეგმენტს მოიცავს. მთელ მსოფლიოში ეს მოცემულობაა. როდესაც ვსაუბრობთ რაიმე მიმართულებაზე, ან რაიმე ტიპის სამედიცინო მომსახურებაზე, ყოველთვის ვფიქრობთ მაღალ ხარისხზე და ისეთ მომსახურებაზე, რომელიც საქართველოში  არ არის წარმოდგენილი.

-„საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფს“  სამედიცინო  ბიზნესში ერთ-ერთი  ლიდერის პოზიცია უჭირავს. ის წარმოდგენილია სამედიცინო კორპორაცია „ევექსის“ სახით, ასვე ფლობს სადაზღვევო კომპანიას, აფთიაქებს.  არის თუ არა „ევექსი“  თქვენი კონკურენტი და როგორ აპირებთ მასთან კონკურენციის გაწევას ? 

-სამედიცინო ინდუსტრია ცოტა განსხვავდება მაგალითად, ალკოჰოლური სასმელების ან გამაგრილებელი სასმელების ინდუსტრიისგან. შესაბამისად, იმ ტიპის და იმ გაგების კონკურენცია, რომელიც „კოკა-კოლას“  და „პეპსის“ აქვთ ერთმანეთთან, რა თქმა უნდა, არ არის. ჩვენ ერთმანეთთან ვთანამშრომლობთ. ექიმების ნაწილი ჩვენთან მუშაობს, ნაწილი – „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფში“. ჩვენ მათთან კონკურენციაში შესაძლოა, ვიყოთ დასაქმების  ბაზარზე ან ინვესტორთან დაკავშირებით, მაგრამ არა მომხმარებელთან მიმართებში.

სამედიცინო პროდუქტი არ არის „კოკა-კოლა“ ან „პეპსი“,როდესაც ყიდვის დროს უპირატესობას ერთ-ერთს მიანიჭებ. ეს ჯგუფი ძალიან ძლიერი და დიდი ჯგუფია. თუმცა, ბაზარზე ხარისხიანი მედიცინის ნაწილში ჩვენ ჩვენი ნიშა გვიჭირავს. პაციენტთა ის ნაკადი, რომელიც ჩვენს კლინიკებშია, არ იკვეთება „ევექსის“ კლინიკებში. „ევექსს“  ჩვენგან განსხვავებით  რეგიონალური კლინიკები აქვს.

რა თქმა უნდა, კონკურენცია არის,თუმცა, ვცდილობთ ერთმანეთს ვუყუროთ როგორც კოლეგებს,ვიდრე კონკურენტებს. როგორც ავღნიშნე, საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი ძლიერია, ჩვენთან შედარებით მოცულობით რამდენიმეჯერ მეტია ბრუნვით,საწოლის ფონდით, თანამშრომელთა რაოდენობით და თავისთავად, მოზიდული ინვესტიციით.

-თქვენი სამომავლო გეგმა რა არის, ხომ არ აპირებთ ჯგუფის ფარგლებში კლინიკების სიის გაზრდას და ამჟამად ამ მიმართულებით თუ მიდის მუშაობა? 

-რა თქმა უნდა, ჩვენ პროექტში გვაქვს და თითქმის გაკეთებული გვაქვს პედიატრიული კლინიკის პროექტი.  ჩვენი განვითარება ისევ და ისევ იქნება ნიშურ, მაღალხარისხიან და მაღალტექნოლოგიური მედიცინის მიმართულებით. შესაბამისად, ჩვენს ჰოლდინგს ასეთი ტიპის დაწესებულებები შეემატება. ჩვენთან ჯგუფში გარდა კლინიკებისა,არსებობს ცენტრალური ლაბორატორია, პათოლოგიის კვლევის ცენტრი, რომელიც ჩვენს გარდა სხვადასხვა კლინიკებსაც ემსახურება. გვაქვს  კომპანია, რომელიც  სამედიცინო აპარატურების აღჭურვილობის იმპორტითაა დაკავებული.

-თქვენ პედიატრიული კლინიკის მშენებლობა ახსენეთ. აშენებთ ახალს, არსებული შეიძინეთ და მის რეაბილიტაციას ახდენთ თუ  რა ხდება? იქნებ ცოტა მეტი დეტალი გვითხრათ? 

-ავაშენებთ ახალს, გვაქვს კიდეც მიწის ნაკვეთი. თუმცა, დეტალებისგან ამ დროისთვის თავს შევიკავებ. მომდევნო ორი წლის პერსპექტივაში  ახალი პედიტრიული კლინიკა გაიხსნება.

-თქვენვე ახსენეთ, რომ სამედიცინო ბიზნესი  სხვა ტიპის ბიზნესებისგან განსხვავდება. დღეს საქართველოში სამედიცინო ბიზნესი მომგებიანია? 

-ჩვენ გამოცდილება გვაქვს სხვა ინდუსტრიებში, ამიტომ,  ჩვენ ჩვენი პარტნიორი ექიმებისგან განსხვავებით, ძალიან კარგად გვესმის, რა არის მოგება-ზარალი და რას ნიშნავს ინვესტიციები. ჯანდაცვის სფერო ძალიან დიდ კაპიტალდაბანდებას მოითხოვს. ეს სფერო მოგებას გრძელვადიან პერსპექტივაში იძლევა და მოგების მაღალი მარჟა არ აქვს. განსაკუთრებით მცირე მარჟაა მაღალტექნოლოგიურ  და მარალხარისხიან სამედიცინო მოსმახურების შემთხვევაში.თუმცა, ჩვენ ეს ხედვა გვაქვს და ამ ხედვით ვმუშაობთ. მიგვაჩნია, რომ ეს არის გრძელვადიანი და სტაბილური სექტორი.

-გამოდის, მაინც ღირს სამედიცინო ბიზენსში შესვლა? 

-ცალსახადაა გამოკვეთილი, რომ ეს ინდუსტრია რთულია, ამიტომ მცირე ზომის ორგანიზაციისთვის ძალიან ძნელია ამ ბაზარზე შემოსვლა და პოზიციების შენარჩუნება, რადგან ეს ძალიან დიდ კაპიტალდაბანდებას მოითხოვს.

რაც შეეხება ჩვენს ჯგუფს, ვერ ვიტყვი, რომ ევროპის კლინიკების ხარისხს ვუტოლდებით, მაგრამ ჩვენი კლინიკები სამედიცინო ხარისხით გამორჩეულები არიან. ეს კი თავისთავად ნიშნავს იმას, რომ თვითღირებულება გვაქვს მაღალი. თუმცა, შემიძლია ისიც აღვნიშნო, რომ ამ ბაზარზე გაცილებით  მაღალ საფასო სეგმენტში მოთამაშე დაწესებულებებიც არსებობენ.

-ხომ არ თვლით, რომ სამედიცინო ბიზნესში დღეს ფასები ხელოვნურადაა გაბერილი? 

-სამედიცინო მომსახურება საქართველოშიც და დასავლეთშიც  რამდენიმე კომპონენტებისგან შედგება. მათ შორისაა,პირდაპირი ხარჯები-სამედიცინო პერსონალის ხელფასები,  მედიკამენტები. ამ ნაწილში დიდი წილი სამედიცინო აპარატურისთვის გაწეულ ხარჯს, ანუ საინვესტიციო კაპიტალს უჭირავს. ეს  ძალიან დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. სადაც არ უნდა იყოს დაწესებულება, ეს თვიღღირებულება ერთი და იგივეა. Siemens–ის სანარკოზე აპარატის ფასი გერმანიის  და საქართველოს რომელიმე კლინკისთვის,ერთნაირია. ამას ვერ გავექცევით. თუ სამედიცინო დაწესებულება ორიენტირებულია ხარისხზე, გაბერილი ფასი ვერ იქნება.

ჩვენთან  ფასში ძალიან დიდი წილი  საინვესტიციო ღირებულებას უჭირავს. როდესაც Siemens–ის აპარატურის გამოყენებით ოპერაციას ვატარებთ, საქართველოში თუ ვთქვთ ეს  5 000  ლარი ღირს, იგივე ოპერაცია გერმანიაში 50 000 ევრო ჯდება. შესაბამისად, თვითღირებულებაში აპარატურაზე დახარჯული თანხების წილი  ძალიან მაღალია. ჩვენთან 5000 ლარი იმიტომ, ღირს,რომ სახელფასო შედარება ახლოს ვერ მივა გერმანიასთან. შესაბამისად, ჩვენთან მოგების დაბალი მარჟებია. თუ კლინიკა არ არის ორიენტირებული ხარისხიან მომსახურებაზე, მას შეიძლება მაღალი მარჟა ჰქონდეს.

-საყოველთაო ჯანდაცვის  პროგრამაში თუ ხართ ჩართული და  რა პლიუსები და მინუსები არსებობს? 

-მე ამ ინდუსტრიაში უკანასკნელი 5 წლია რაც ვარ. ერთი რამის თქმა შემიძლია ცალსახად- ეს არ არის მარტო ქართული ფენომენი-ინდუსტრიაში რაც უფრო ხშირი ცვლილებებია, სამედიცინო ინდუსტრია მით უფრო  ზარალობს. ეს ის სფეროა, რომელიც ხშირ ცვლილებებთან ძალიან მგრძნობიარეა. ვთვლი, რომ ბოლო 5-6 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი რადიკალური ცვლილება განხორციელდა.

აღსანიშნავია, რომ წლების წინ ამ მიმართულებით გაცილებით ცუდი მდგდომარეობა იყო. რეგიონში, ვგულისხმობ, პოსტსაბჭოთა სივრცეს,  ქართული ჯანდაცვა ერთ-ერთი ყველაზე  განვითარებულია. იდეალური სისტემა თვით ამერიკაშიც არ არის და არც ევროპის არცერთ ქვეყანაში. თუმცა, ქართული ჯანდაცვის სისტემა ძალიან შორსაა იდეალურისგან, ბევრი რამეა დასახვეწი და ამ დროისთვის ამის დახვეწაზე მუშაობა მიდის.ცალსახაა, რომ თუ ქვეყანა არ განვითარდა და მოსახლეობის მსყიდველობითუნარიანობა არ გაიზარდა, ჯანდაცვის სექტორი ვერ განვითარდება.

-საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში მუდმივად იყო კლინიკებისთვის გაწეული მომსახურების ანაზღაურების  პრობლემა. დღეს რა ხდება?  გარდა ამისა, ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რასაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ნაკლოვანებებზე საუბრისას ასახელებენ, ამ პროგრამისთვის გამოყოფილი თანხის არაფექტური ხარჯვაა. ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ პოლიტიკურად მომგებიანი – საყოველთაობის პრინციპი პროგრამით მოსარგებლე მოსახლეობის გაჭირვებული ფენის მდგომარეობას აუარესებს. ამასთანავე, ერთი გადამხდელით დაფინანსების არაკონკურენტული სისტემა ვერ უზრუნველყოფს ხარჯების შეკავებას; ჯანდაცვის საერთო დანახარჯში სახელმწიფოს ხარჯი კი არც ისე დიდია. თქვენ როგორ აფასებთ ზოგადად,მიმდინარე პროგრამას? 

-ანაზღაურების  პრობლემა ისევ არის. თამაშის წესებია ისე ჩამოყალიბებული, რომ საშუალო და მცირე ზომის კლინიკებს უჭირთ, რადგან უწევთ დიდი კაპიტალის მოძიება იმისთვის, რომ თანმშრომელთა ხელფასები  დააფინანსონ. ამ პრობლემას თავისი ახსნაც აქვს. თურქეთი არის ამის კარგი მაგალითი. ამ ქვეყანას 30-40 წლის წინ საერთოდ არ ჰქონდა ჯანდაცვის სისტემა, დღეს კი საკმაოდ განვითარებულია. ამით იმის თქმა მინდა, რომ ამ ხალხს ჰქონდა განვითარების მიზანი, შესაძლოა, ჰქონდათ კიდეც არაეფექტური ნაბიჯები, მაგრამ მიზნამდე მივიდნენ.  არის ეტაპი, როდესაც ხორციელდება ეფექტური ნაბიჯები და პირიქით.

თანხები არამიზნობრივად იხარჯება, მაგრამ თუ ამოცანა გვაქვს ის, რომ მოსახლეობას კარგად ვუმკურნალოდ და ჯანდაცვა განვითარდეს, გარკვეული თანხები მოსახლეობამაც უნდა დახარჯოს. ჩვენი ქვეყანა ჯანდაცვაზე მაღალი დანახარჯებით გამორჩეული არ არის. შეიძლება მედიკამენტებზე დანახარჯების ნაწილში  მაღალი წილი გვიკავია, მაგრამ სამედიცინო მომსახურების ხარჯვაში არა. სოციალურ ბუჯეტშიც კი ჯანდაცვის ბიუჯეტი მაღალი არ არის. რასაც ვერ ვიტყვით  პენსიების და სოციალური დახმარებების წილზე, ეს კი ინდუსტრიას არ ავითარებს.

commersant.ge

იხილეთ ასევე

სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება …