მთავარი » ჯანდაცვა » საზოგადოებრივი ორგანიზაციები » გიორგი კვირიკაშვილმა ,სოლიდარობის ფონდის სამი წლის ანგარიში შეაჯამა
გიორგი კვირიკაშვილმა სოლიდარობის ფონდის საქმიანობა შეაფასა და მადლობა გადაუხადა თითოეულ ადამიანს, ვინც სიცოცხლის გადასარჩენად თანხა გაიღო.

გიორგი კვირიკაშვილმა ,სოლიდარობის ფონდის სამი წლის ანგარიში შეაჯამა

400 ბავშვისა და 22 წლამდე ახალგაზრდის დიაგნოსტიკა და მკურნალობა, როგორც საქართველოში, ისე უცხოეთის წამყვან კლინიკებში–დაარსებიდან 3 წლის თავზე „საქართველოს სოლიდარობის ფონდი“ საზოგადოების წინაშე შემაჯამებელი ანგარიშით წარდგა.

ღონისძიებას საქართველოს პრემიერ–მინისტრი დაესწრო.

გიორგი კვირიკაშვილმა „სოლიდარობის ფონდის“ საქმიანობა შეაფასა და მადლობა გადაუხადა თითოეულ ადამიანს, ვინც სიმსივნით დაავადებული ბავშვებისა და ახალგაზრდების სიცოცხლის გადასარჩენად თანხა გაიღო. პრემიერ–მინისტრის თქმით, „სოლიდარობის ფონდმა“ ადამიანების დასახმარებლად მოქალაქეების გაერთიანების უპრეცედენტო გამოცდილება შექმნა.

,,ჩვენ, ქართველებს გვახასიათებს, როდესაც ცა ჩამოიქცევა, სტიქიური უბედურება დაგვატყდება ან დიდი ტრაგედია მოხდება, შეგვიყვარდეს ერთმანეთი, გავერთიანდეთ და უპრეცედენტო სოლიდარობის გრძნობით აღვივსოთ. სოლიდარობის ფონდი სრულიად სხვა პრეცედენტს ქმნის.

როდესაც ცა ჩამოიქცევა ერთ კონკრეტულ ოჯახში, ერთი რომელიმე ბავშვის თავს, ჩვენ ამ დროს ვერთიანდებით და ვეხმარებით ასეთ ოჯახს. სწორედ ასეთი ტიპის სოლიდარობაზე არის აგებული თანამედროვე საზოგადოება, რომელსაც აქვს პრეტენზია, იყოს თანამედროვე მსოფლიოს ნაწილი. სწორედ ამიტომ არის ეს ფონდი მნიშვნელოვანი და ამიტომ არის ჩვენი გაერთიანება ასეთი ადამიანების პრობლემების გადასაჭრელად უკიდურესად მნიშვნელოვანი.

მინდა, მადლობა გადავუხადო ყოფილ პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს, რომლის იდეაც იყო ამ ფონდის შექმნა და წამოიწყო ძალიან კარგი საქმე. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი მარიამ ჯაშს, რომელიც ასევე იდეის სათავესთან იდგა და დღესაც მხარში უდგას “სოლიდარობის ფონდს”. თუმცა, უპირველეს ყოვლისა, მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, რომელმაც თუნდაც ძალიან მცირედი რესურსი გაიღო, რათა „სოლიდარობის ფონდს“ გადაერჩინა ამდენი ბავშვის სიცოცხლე საქართველოში.

მადლობა კერძო სექტორის წარმომადგენლებს, რომლებმაც ინიციატივა გაიზიარეს და, რა თქმა უნდა, საჯარო მოხელეებს, რომლებიც ყოველთვიური ხელფასიდან აკეთებენ დანაზოგს, რათა ბავშვების სიცოცხლე გადავარჩინოთ!” – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ–მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ მოქალაქეების სოლიდარობის ძალისხმევით, ფონდის საქმიანობა კიდევ უფრო გაფართოვდება.

„სოლიდარობის ფონდის“ იდეის გარშემო უკვე გაერთიანებულია 700-ზე მეტი საჯარო სამსახურის 60 000-ზე მეტი თანამშრომელი, 70 ორგანიზაცია და 53 სტუდენტური თვითმმართველობა, რომელთა სოლიდარობის შედეგად, ფონდში 10 მილიონ ლარზე მეტი თანხის მობილიზება მოხდა.

.info9.ge

იხილეთ ასევე

სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება …