მთავარი » ჯანდაცვა » საზოგადოებრივი ორგანიზაციები » აფხაზური მხარე გამშვები პუნქტების დახურვას ლუგარის ლაბორატორიის საქმიანობასაც უკავშირებს
2013 წელს ტყვარჩელში ბავშვთა მასობრივი მოწამლვა, შესაძლოა, დაკავშირებული ყოფილიყო, აფხაზური საზღვრის ახლოს მდებარე ბიოლაბორატორიის საქმიანობასთან.

აფხაზური მხარე გამშვები პუნქტების დახურვას ლუგარის ლაბორატორიის საქმიანობასაც უკავშირებს

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს მდივანმა მუჰამედ კილბამ ენგურზე ორი გამშვები პუნქტის [ოტობაია, ნაბაკევი] დახურვასთან დაკავშირებით სპუტნიკს ინტერვიუ მისცა, სადაც აცხადებს, რომ საზღვარზე კონტროლის გაძლიერება, საქართველოში არსებულ ბიოლაბორატორიის საქმიანობასთანაცაა კავშირში.

“2013 წელს ტყვარჩელში ბავშვთა მასობრივი მოწამლვა, შესაძლოა, დაკავშირებული ყოფილიყო, საქართველოში, აფხაზური საზღვრის ახლოს მდებარე ბიოლაბორატორიის საქმიანობასთან. აღნიშნული ბიოლაბორატორია, აფხაზური მხარის ცნობით, ბიოლოგიურ იარაღს აწარმოებს. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ასევე, ღორის ჭირი, რომელიც გავრცელებული იყო აქ, ამ ლაბორატორიასთან არის დაკავშირებული.

ის ნივთიერებები, რომელიც მუშავდება ამ ლაბორატორიაში  შეიძლება წყალში მოხვედრილიყო და მოწამლვა გამოეწვია. ამ მიზნით, მნიშვნელოვანია საქართველოსთან საზღვარზე კონტროლის გაძლიერება”, – აცხადებს რუსულ სააგენტო სპუტნიკთან აფხაზი მაღალჩინოსანი.

აფხაზური მხარის აღნიშნულ ბრალდებასთან დაკავშირებით კომენტარისთვის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მივმართეთ. საგარეო უწყებამ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან გადაგვამისამართა.

აღნიშნულ საკითხზე კომენტარი ნეტგაზეთთან საქართველოს „ დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ და ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ გააკეთა:

“პასუხი აქ მხოლოდ ერთი შეიძლება იყოს. ძალიან საწყენია, თუ მთელ აფხაზეთში არავინ მოიძებნა, რომ სიმართლესთან მიახლოებული ჭორი მაინც გაევრცელებინათ, და არა ისეთი, რაც გაავრცელეს. ეს არის აბსოლუტური არაპროფესიონალიზმი. ამის სერიზოულად კომენტირება შეუძლებელია, დაწყებული იქიდან, რომ თურმე მეზობლად არის ეს ლაბორატორია [ლაბორატორია თბილისში მდებარეობს]. აბსოლუტური სისულელის კომენტირება ძალიან რთულია. აქამდე მსგავს ბრალდებებს, ძირითადად, მედია აჟღერებდა, როდესაც ოფიციალური პირი საუბრობს ამაზე, სასაცილოა. ძალიან კარგად ჩანს, რა დავალებას ასრულებს ის ბატონი, ვინც ეს განცხადება გაავრცელა”.

კითხვაზე, რა დავალებას გულისხმობს, იმნაძე ამბობს: “მე არ ვარ პოლიტიკოსი, მიკრობიოლოგი ვარ და პროფესიულ ასპექტში ეს განცხადება აბსოლუტური სისულელეა”.

საქართველოში ლუგარის ლაბორატორიის საქმიანობა მისი გახსნის [2013] შემდეგ, ძირითადად რუსეთის და რუსული ინტერესების მქონე მედია საშუალებების ინტერესს წარმოადგენს.

რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრი სრულ ექსპლუატაციაში 2013 წლის აგვისტოში შევიდა. ცენტრი ქვეყნის ლაბორატორიული ქსელის უმაღლესი დონის დაწესებულებაა, რომელიც საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის რეფერალურ ლაბორატორიას წარმოადგენს.

ცენტრის მშენებლობა 2004 წელს, აშშ – საქართველოს მთავრობებს შორის 1997 წელს ხელმოწერილი ჩარჩო ხელშეკრულების  და 2002 წელს  აშშ თავდაცვის დეპარტამენტსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე დაიწყო. ლუგარის ცენტრი, მთელი აღჭურვილობით, სრულად გადმოცემულია საქართველოს მთავრობის საკუთრებაში, ხოლო 2018 წლიდან ლაბორატორიული ქსელის სრულ დაფინანსებას უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობა. ცენტრი აერთიანებს თანამედროვე დონეზე აღჭურვილ ბიოუსაფრთხოების მე–2 და მე–3 დონის ლაბორატორიებს,  რომელთა მიზანია ადამიანისა და ცხოველთა საშიშ დაავადებათა გამომწვევი პათოგენების დროული აღმოჩენა და იდენტიფიკაცია.

ცენტრში ფუნქციონირებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აკრედიტირებული 3 ვირუსოლოგიური ლაბორატორია (პოლიომიელიტის, გრიპის, წითელა–წითურას), გარდა ამისა ფუნქციონირებს გარე, საერთაშორისო ხარისხის კონტროლით ლაბორატორიები: როტა ვირუსების, ინვაზიური მენინგიტების, მალარიის, ანტიბიოტიკორეზისტენტობის, დიფთერიის და სალმონელოზების დიაგნოსტიკაში. ცენტრის შესაძლებლობებს ფართოდ იყენებენ მაგისტრანტების და დოქტორანტების მოსამზადებლად და სამეცნიერო კვლევებისათვის სხვადასხვა უნივერსიტეტები, მათ შორის მეზობელი ქვეყნებიდან.

netgazeti.ge

იხილეთ ასევე

სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება …