2017 წლის 3 თებერვალს დაავადებათა კონტროლოსა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების ორგანიზებით გაიმართა კონფერენცია თემაზე ქალთა კარდიოვასკულური ჯანმრთელობის აქტუალური საკითხები
კონფერენციას დაესწრნენ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პირები, საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების გამგეობის წევრები, ექიმი კარდიოლოგები და დარგის ექსპერტები.
ამერიკის გულის ასოციაცია კამპანიის – GO RED FOR WOMEN – ფარგლებში თებერვლის პირველ პარასკევს ქალთა კარდიოვასკულური ავადობისა და სიკვდილობის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით აღინიშნავს სხვადასხვა აქტივობებით.
საქართველოში კარდიოლოგთა საზოგადოება უერთდება ამ ღონისძიებას და სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციის ორგანიზებით ხაზს უსვამს ქალთა კარდიოვასკულური რისკის მართვის მნიშვნელობას ჩვენს ქვეყანაში. მსოფლიოში ქალთა საერთო სიკვდილობის მესამედი კარდიოვასკულურ დაავადებებზე მოდის.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით მსოფლიოში ყოველწლიურად აღნიშნული დაავადებებით იღუპება 8.6 მილიონი ქალი, მათ შორის 3 მილიონი ქალი – ინსულტით (ქალთა სიკვდილობის 11%). მწვავე კორონარული ინცინდენტის შემდეგ იღუპება ქალთა 42%, მამაკაცებში ეს მაჩვენებელი 24%-ს შეადგენს. საქართველოში, ქალთა პოპულაციაში, ისევე როგორც მამაკაცებში სიკვდილობის უხშირესი მიზეზი კარდიოვასკულური დაავადებებია. 2015 წელს ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიით გარდაცვლილთა 60%-ქალია, ხოლო 2016 წელს სტაციონარიდან ამ დიაგნოზით გაწერილ პაციენტთა ასევე 60%-ქალია.
კონფერენციაზე წარმოდგენილ იქნა მონაცემები საქართველოში ქალთა შორის კარდიოვასკულურ დაავადებათა ეპიდემიოლოგიური სიტუაციის შესახებ, ორსულობისას – ორგანიზმში სისხლის მომოქცევის სისტემის ფიზიოლოგიური და პათოლოგიური რეაქციების შესახებ, ქალებში გულის იშემიური დაავადების სხვადასხვა ფორმის კლინიკური გამოვლინებების თავისებურებების, დიაგნოსტიკისა და მართვის სირთულეების, სამკურნალო რეკომენდაციების შესახებ.
NCDC