მთავარი » ჯანდაცვა » საზოგადოებრივი ორგანიზაციები » გადარჩენილი პაციენტები სასწრაფო დახმარების ექიმებს შეხვდნენ
სასწრაფო დახმარების ცენტრის თანამშრომლები და მათ მიერ გადარჩენილი პაციენტები შეხვდნენ და გაიხსენეს ისტორიები, თუ როგორ გადაარჩინეს ექიმებმა ისინი.

გადარჩენილი პაციენტები სასწრაფო დახმარების ექიმებს შეხვდნენ

თბილისის სასწრაფო დახმარების ცენტრისა და მედიაჰოლდინგ „კვირას“ ორგანიზებით ღონისძიება – „ჩვენი გადარჩენისთვის“ გაიმართა.

სასწრაფო დახმარების ცენტრის თანამშრომლები მათ მიერ გადარჩენილ პაციენტებს რესტორან „ვაინშტეფანში“ შეხვდნენ და გაიხსენეს ისტორიები, თუ როგორ გადაარჩინეს ექიმებმა ისინი. ღონისძიებას სხვადასხვა კლინიკების დირექტორები, სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ხელმძღვანელი პირები, ექიმები და მათ მიერ გადარჩენილი პაციენტები დაესწრნენ.

პაციენტებმა ექიმებს გაწეული დახმარებისთვის და მათი პროფესიული საქმიანობის პირნათლად შესრულებისთვის მადლობა გადაუხადეს.

„ასეთი ტიპის ღონისძიებები, ასეთი სითბოს გამოხატვა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი თანამშრომლებისთვის, იმ ადამიანებისთვის, ვინც 24 საათის განმავლობაში ცდილობენ მთელი ქალაქის მასშტაბით გადაარჩინონ ადამიანის სიცოცხლე და თავდაუზოგავად აკეთებენ ამ ყველაფერს. თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ექიმები ყოველდღიურად მუშაობენ, რათა დაუყოვნებლივ აღმოუჩინონ გადაუდებელი სამედიცინო დახმარება მათ, ვინც ამას საჭიროებს.

ჩვენს რიგებში ძნელად მოიძებნება ექიმი, რომელსაც ცენტრში მუშაობისას თუნდაც ერთი ადამიანის სიცოცხლე არ ჰქონდეს გადარჩენილი. ისინი გმირები არიან, რომელთა შრომის დაფასების ერთ-ერთი და, საკმაოდ მნიშვნელოვანი გამოხატულება, სწორედ რომ გადარჩენილი პაციენტის მადლობაა“, – აღნიშნა თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა მაკა გვარამიამ.

„როგორც მსახიობს სჭირდება დარბაზი, საპასუხო ენერგია და ტაში, ასევე ექიმისთვისაც არანაკლებ მნიშვნელოვანია მადლიერი პაციენტი, სხვა ენერგია მოაქვს, სხვანაირად ქოქავს ექიმის ყოველდღიურ მუშაობას. ასე რომ, არამხოლოდ სასწრაფო სამსახურის ექიმებმა, არამედ მეც ძალიან სასიამოვნო მუხტი მივიღე დღევანდელი საღამოსგან“, – განაცხადა დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ.

„მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს მასპინძელს და მხარდამჭერს – რესტორან „ვაინშტეფანს“, რომელმაც არაჩვეულებრივი საღამო მოგვიწყო და უმასპინძლა როგორც პაციენტებს, ასევე ექიმებს. ვფიქრობ, რომ საღამო ნამდვილად შედგა. ეს იყო ემოციით დატვირთული არაჩვეულებრივი საღამო. შემთხვევები, რომლებიც ჩვენს ცხოვრებაში ხდება, გვაფიქრებს იმაზე, რამდენად მნიშვნელოვანი ვართ ერთმანეთისთვის და რამდენად უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს უბრალოდ ღიმილით და მადლიერებით“, – განაცხადა მედიაჰოლდინგ „კვირას“ კომერციულმა დირექტორმა.

ღონისძიების მიზანია, საზოგადოების ყურადღება გავამახვილოთ იმ შემთხვევებზე, რომლის შედეგადაც ყოველდღიურად უამრავ ადამიანს უნარჩუნდება სიცოცხლე. გარდა იმისა, რომ სასწრაფო სამედიცინო ცენტრის ექიმებს პროფესია ავალდებულებთ, დახმარება აღმოუჩინონ რთულ სიტუაციაში მყოფ პაციენტებს, მათ უდიდესი მორალური პასუხისმგებლობაც აქვთ, რისი მაგალითებიც ჩვენს ყოველდღიურობაში არცთუ იშვიათია.

ღონისძიების მხარდამჭერია თბილისის მერიის საქალაქო სამსახური. მისი მასპინძელი კი რესტორანი „ვაინშტეფანი“ იყო.

frontnewsfrontnews.ge

იხილეთ ასევე

სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება …