მთავარი » ჯანდაცვა » საზოგადოებრივი ორგანიზაციები » აბსურდული სიცრუე – რას ამბობენ მედიკოსები ორგანოებით ვაჭრობაზე
საქართველოში ორგანოებით ვაჭრობის ცილისწამებლური კამპანია კარგა ხანია გრძელდება საქართველოს ყოფილი პირველი ლედის სანდრა რულოვსის წინააღმდეგ.

აბსურდული სიცრუე – რას ამბობენ მედიკოსები ორგანოებით ვაჭრობაზე

საქართველოში ორგანოებით ვაჭრობის ცილისწამებლური კამპანია კარგა ხანია გრძელდება საქართველოს ყოფილი პირველი ლედის სანდრა რულოვსის წინააღმდეგ. ამ აბსურდზე კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებდით, მაგრამ ვხედავთ, რომ ეს პროცესი უფრო გამძაფრდა და ვფიქრობთ, საჭიროებს ახსნა-განმარტებას.

ორგანოების გადანერგვა რთული პროცესია და რამოდენიმე ფაზას მოიცავს. ორგანოს მიღება, შენახვა და შემდგომ გადანერგვა.

ორგანოების მიღება ხდება დონორების საშუალებით, რომლებიც იყოფა ორ ჯგუფად: ცოცხალი და მკვდარი დონორები.

მკვდარი დონორები მოიცავს შემდეგ ჯგუფებს: ტვინის სიკვდილის შემდეგ ორგანოს დონაცია – ეს პაციენტები მიერთებულები არიან სუნთქვის აპარატზე, სხვადასხვა მიზეზის (ტრავმა, ინტრაცერებრული ჰემატომა) გამო, თუმცა მუშაობს გული, რომლის ხარჯზეც შენარჩუნებულია ორგანიზმისთვის და გადასანერგი ორგანოებისთვის სისხლის მიწოდება.

დონაცია გულის სიკვდილის შემდეგ – კონტროლირებადი ფორმა – ასეთი პაციენტები, როგორც წესი არიან ინტენსიურ განყოფილებაში და მათ აქვთ ტვინის ჰემისფეროების ნევროლოგიური ტრავმა, ოჯახთან შეთანხმების შემდეგ (იმიტომ, რომ გამოჯანმრთელების შანსი არ არის) წყდება მკურნალობა; საოპერაციო უნდა იყოს მომზადებული, რათა გულის გაჩერებისთანავე, ჩატარდეს ლაპაროტომია და მუცლის ყველა ორგანო ადგილზევე გაცივდეს, რათა თავიდან იქნას აცილებული თბილი იშემია.

არაკონტროლირებადი ფორმის დროს პაციენტის სიკვდილის მიზიზი არის გულის დაავადებიდან გამომდინარე უეცარი სიკვდილი ან პოლიტრავმა, ასეთი პაციენტებისგან ორგანოების მიღება ხდება იმ შემთხვევაში, თუ მათ უტარდებოდათ გულ-ფილტვის რეანიმაცია, თუმცა ამ შემთხვევაშიც, როგორც წესი, იწყება ორგანოების პარციალური იშემია, რაც ძალზედ აუარესებს გამოსავალს. დონორის არჩევის შემდეგ მთავარი პრინციპია შენარჩუნდეს წნევა ნორმალურ ფარგლებში და ამასთანავე გაკონტროლდეს ჰემატოკრიტი (არ უნდა ჩამოვიდეს 35%-ზე დაბლა).

ორგანოს შენახვა არანაკლებ რთული საქმეა. ორგანოების გაციება გვაძლევს საშუალებას თავიდან ავიცილოთ თბილი იშემიის ფაზა, თუმცა გაციებისას ირღვევა უჯრედების სტრუქტურა, კერძოდ კი მემბრანული სისტემა, რომელიც ძირითად როლს თამაშობს მათ ცხოველმყოფელობაში. ყველაზე მნიშვნელოვანი კი არის ორგანოების იონური ცვლის დარღვევა, რომელიც დაკავშირებულია Na-K ატფ-აზას ტუმბოზე. იონური ცვლის დარღვევას კი მივყავართ უჯრედების შეშუპებამდე და მისი ფუნქციის დაკარგვამდე. შესაბამისად, შემუშავებულია სხვადასხვა ხსნარი, რომლითაც ხდება ამ დაზიანებების მინიმიზაცია. ამ ხსნარების შესაყვანად საჭიროა ორგანოს კანულაცია და მათი გამორეცხვა გაცივებული ხსნარით.

ამერიკის Organ Procurement and Transplantation Network აკონტროლებს ყველა დონორს და რეციპიენტს, ამ მონაცემთა ბაზაში მოხვედრისთვის საჭიროა, ორგანოს მიმწოდებელი საავადმყოფო აკმაყოფილებდეს საერთაშორისო სტანდარტს და ყველა დონორი-რეციპიენტის HLA ტიპი იყოს განსაზღვრული. მსგავსი რეგულაციები აქვს ევროკავშირს და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას.

ორგანოთა გადანერგვა ურთულესი პროცესია, ამასთან მთელ მსოფლიოში მკაცრად დაცულია სამართლებრივი რეგულაციები, რომელიც ამ პროცესს თან ახლავს, ამიტომ სიბეცეა და სირცხვილი მისი ასე გამარტივება, როგორც ამას აბსურდული სიცრუის ავტორები ავრცელებენ.

ჩვენ ვესაუბრეთ პროფესორ კახაბერ ქაშიბაძეს ტრანსპლანტოლოგს, რომელმაც პირველად შეასრულა ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია საქართველოში. მან აღნიშნა, რომ `სამწუხაროდ გვამური ტრანსპლანტაცია დღეს საქართველოში არა თუ ფარულად არამედ ცხადად არის შეუძლებელი. იმიტომ რომ ამისთვის სპეციალურად მზადყოფნაში მყოფი კლინიკა და სამედიცინო ბრიგადა არ არსებობს.

ორგანოს ამოღება გვამიდან (სინამდვილეში მომუშავე გულის პირობებში) რაც დახოცილ ჯარისკაცებს ეგრევე გამორიცხავს, ტრანსპლანტოლოგიდან სპეციალურ ცოდნას მოითხოვს. პლუს ორგანოს იმუნურ იდენტიფიკაციას და შეთავსებადობის დადგენას რეციპიენტთან (კროს მეჩინგს, HLA ანტიგენის) და ორგანოს სწორ კონსერვაციას და ტრანსპორტირებას. მეტიც პარალელურად რეციპიენტში ოპერაცია დაწყებულია, ეს კი ნიშნავს ევროტრანსპლანტის მონაწილეობას ამ საქმეში, რაც უკვე სასაცილოა.

მე და ჩემი კოლეგები ვოცნებობთ და იმედი გვაქვს რომ ახლო მომავალში ამ გზას გავივილით – თქვენი დახმარებით, თანდგომით და რაც მთავარია ჩვენდამი ნდობით. მაგრამ სამწუხაროდ ეს დღეს არც ქ. რულოვს და არც საქართველოს 8-ვე ტრანსპლანტოლოგს ერთად არ შეგვიძლია.

რატომ არ იქნა გამოძიებული ეს საქმე?

ამ სისხლის სამართლის უმძიმეს დანაშაულში ხომ მრავალი ადამიანი და სხვადასხვა დაწესებულება უნდა მონაწილეობდეს (ქირურგი – ტრანსპლანტოლოგები, ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგები, მორფოლოგები, ლაბორანტები, ექთნები, კლინიკის სხვადასხვა დეპარტამენტები, კლინიკის ხელმძღვანელობა და ა.შ.). საქმე ვერ იქნება გამოძიებული, ვინაიდან ბრალდებამ თვითონაც კარგად იცის, რომ მასში სიმართლის ნატამალიც არ არის.

საქართველოში მოქმედი მტრული ქვეყნის სპეცსამსახურების აგენტების და კოლაბორაციონისტების საშუალებით წარმატებით ვრცელდება ინფორმაცია, რომელიც ბუნებაში არ არსებობს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ადამიანები, რომლებსაც შესაბამის სფეროში განათლება არ აქვთ ადვილად იჯერებენ მას. ასე მიმდინარეობს საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანა, რაც დანაშაულის ტოლფასია.

სამწუხაროა, რომ ეს არ არის ერთადერთი ბინძური ცილისწამება. ასეთი სიცრუის მანქანა 90-იანი წლებიდან მუდმივ რეჟიმში მოქმედებს და ანადგურებს საქართველოს სახელმწიფოებრიობას.

მანანა ჯებაშვილი

ევროპის გასტროენტეროლოგთა კავშირში (UEG) ასოცირებული

საქართველოს გასტროენტეროლოგთა და ჰეპატოლოგთა

საზოგადოების პრეზიდენტი

newposts.ge

იხილეთ ასევე

სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება …