საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, სტომატოლოგიის ცენტრ „ალბიუსის“ ხელმძღვანელი ქეთევან გოგილაშვილი სტომატოლოგთა მსოფლიო ფედერაციის (FDI) ქალთა საერთაშორისო ორგანიზაციის (WDW) მმართველი საბჭოს წევრად აირჩიეს.
ქეთევან გოგილაშვილი პოზნანში, პოლონეთში სტომატოლოგთა მსოფლიო ფედერაციის მსოფლიო კონგრესზე იმყოფებოდა.
„გენდერული ნიშნით შრომითი სეგრეგაცია, სტერეოტიპები, რომლებიც გავლენას ახდენს სპეციალობის შერჩევაზე, დეკრეტული შვებულება, შრომითი და ანაზღაურების დისკრიმინაციული პირობები, ორსულობა, ჰორმონული ცვლილებები, ქალთა ჯანმრთელობა, ბავშვზე ზრუნვა, ოჯახში შრომის გადანაწილება და პასუხისმგებლობა – ეს ის საკითხებია, რომელიც მედიცინაში, სტომატოლოგიაში (და არა მხოლოდ) იყო და არის პრობლემა, რომელიც ქალ სტომატოლოგებს პრობლემას უქმნის განათლების მიღების და პროფესიული განვითარების პროცესში.
პრობლემა გლობალურია, თუმცა ყველა ეს ნიშანი ხელის გულზეა სწორედ მედიცინის სფეროში. ვფიქრობ, ჩვენი უმნიშვნელოვანესი ამოცანა სწორედ იმ ღირებულებათა სისტემის ერთგულებაა, რომელიც დაგვეხმარება სამართლიანობის მიღწევაში, თანასწორობაში და თანაბარ ჩართულობაში, მონაწილეობასა და შესაძლებლობებში.“ – განაცხადა ქეთევან გოგილაშვილმა
კონგრესი 10 სექტემბერს დაიხურა.