ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრსა და კომპანია „ავერსს“ შორის უკვე მეორე დღეა საკმაოდ დაძაბული მდგომარეობაა. საქმე იქამდე მივიდა, რომ დღეს თემასთან დაკავშირებით განცხადება ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომაც გააკეთა.
ერთადერთი მხარე, რომელიც კომენტარის გაკეთებისგან ამ დრომდე თავს იკავებს კომპანია „ავერსია“, სადაც „აიპრესს“ განუცხადეს, რომ ამ ეტაპზე ბრალდებებს არ უპასუხებენ, თუმცა საკუთარ პოზიციას აუცილებლად დააფიქსირებენ.
ზუსტი დრო, როდის გააკეთებს კომენტარს „ავერსი ფარმა“ აღნიშნულთან დაკავშირებით ჯერჯერობით უცნობია.
საქმე იმაშია, რომ ნახსენები საავადმყოფოს თანამშრომლების ინფორმაციით, შენობა, რომელშიც ამ დროისთვის ინფექციურია განთავსებული 2009 წელს გაიყიდა, თუმცა რეალიზაციის მიუხედავად ამ დრომდე მათთვის ალტერნატიული ფართი არ გამოყოფილა.
როგორც ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ „აიპრესთან“ განაცხადა, შპს „ავერსი ფარმას“ წარმომადგენლები საავადმყოფოს თანამშრომლებზე ზეწოლის მოხდენას ცდილობენ, რაც ერთადერთ მიზანს – მათთვის საქმიანობის შეჩერებას ემსახურება.
„ჩვენთან შექმნილია გაუსაძლისი პირობები იმ თვალსაზრისით, რომ შპს „ავერსი ფარმა“ ჩვენი ცენტრის თანამშრომლებისთვის გაუსაძლის პირობებს ქმნის. ეს ერთადერთ მიზანს ემსახურება, რომ ვერ შევძლოთ არსებული სამედიცინო საქმიანობის გაგრძელება“,- განაცხადა ეზუგბაიამ.
მისი განმარტებით, ინფექციური საავადმყოფოს თანამშრომლებმა გადაწყვიტეს, პრობლემის მოსაგვარებლად „ავერსი ფარმას“ წარმომადგენლებს შეხვედროდნენ, მაგრამ უშედეგოდ. ამის გამო კი მათ საავადმყოფოს ტერიტორიაზე „გამაფრთხილებელი“ აქცია მოაწყეს.
„ეს იყო გამაფრთხილებელი აქცია, შექმნილი სიტუაციის კრიტიკულობიდან გამომდინარე, რომელიც შპს „ავერსმა“ და მისმა დაქირავებულმა ადამიანებმა ჩვენი ცენტრის კოლექტივის მიმართ განახორციელეს. ინფექციური პათოლოგიის ცენტრი ახორციელებს ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის პათოლოგიებით ავადმყოფების მოვლას. განსაკუთრებით საშიში ინფექციები და ყველა მძიმედ მიმდინარე ინფექციები, გადამდები, თუ არა გადამდები თავს იყრის ჩვენს ცენტრში და ვუვლით ავადმყოფებს.
ჩვენთან შექმნილია გაუსაძლისი პირობები იმ თვალსაზრისით რომ შპს „ავერსი ფარმა“ ცენტრის თანამშრომლებისთვის გაუსაძლის პირობებს ქმნის, რათა ვერ შევძლოთ არსებული სამედიცინო საქმიანობის გაგრძელება. გვაიძულებს, რომ ცენტრმა ფუნქციონირება შეწყვიტოს. ამ შემთხვევაში საერთოდ დამთავრდება ჩვენი ცენტრის არსებობა.ამ კატასტროფული სიტუაციისა და კრიტიკული მდგომარეობის გამოსწორების მიზნით გადავწყვიტეთ, შევხვედროდით „ავერსი ფარმას“ წარმომადგენლებს. ეს შეხვედრა დღეს 12:00 საათზე იყო დაგეგმილი, მაგრამ, რა თქმა უნდა, მათი წარმომადგენლები არ მოვიდნენ“,- განაცხადა ეზუგბაიამ „აიპრესთან“ საუბრისას.
ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ინფექციური საავადმყოფოს მედპერსონალის გამაფრთხილებელ აქციაზე განმარტებას აკეთებს: „ინფექციური დაავადებების კლინიკა, მართლაც ქვეყნის სტრატეგიული ობიექტია , რომელიც სამწუხაროდ ზოგიერთებს მხოლოდ მაშინ ახსენდებათ, როდესაც ქვეყანა ეპიდემიის საფრთხის წინაშე დგება.
ჩვენ კარგად გვესმის ამ დაწესებულების მნიშვნელობა, ბოლო სამი წლის განმავლობაში იყო მართლაც რთული პერიოდი, ვადასტურებ, რომ იქ უმძიმესი ინფრასტრუქტურული მდგომარეობაა, ბოლო წელიწადნახევარი პრაქტიკულად დაიხარჯა უშედეგო მოლაპარაკებებზე ავერსთან, რომ მათ მოეცათ საშუალება სახელმწიფოს თავის თანხებით აეშენებინა იქვე იმ ტერიტორიაზე ალტერნატიული შენობა. წლის დასაწყისში ჩვენ შევიძინეთ სამედიცინო აღჭურვილობა, რომლის გარეშეც შეუძლებელი იქნებოდა პაციენტების ხარისხიანი მოვლა. ეს აღჭურვილობა კლინიკას უკვე მიწოდებული აქვს, მაგრამ სამწუხაროდ მეპატრონე არ აძლევს იმის საშუალებას, რომ იქ რაღაც ელემენტარული, კლინიკის ხარჯით ჩასატარებელი სამუშაოები შესრულდეს.
მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ქონების მეპატრონესთან მოვახერხებთ მოლაპარაკებას, თუმცა ასეთ სტრატეგიულ ობიექტს ჩვენ ასე ვერ დავტოვებთ. უკვე გამოყოფილია მიწის ნაკვეთი თბილისში, დაწყებულია კორექტირებაზე მუშაობა და დიდი იმედი მაქვს, რომ წლის ბოლოს დაიწყება სამშენებლო სამუშაოები. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ქონების მეპატრონეს იჯარის თანხასაც ვუხდით და ის სიტუაცია რაც ახლა შეიქმნა რეალურად საფრთხეს უქმნის პაციენტებისთვის სერვისების მიწოდებას. იმედი მაქვს, რომ ქონების მეპატრონე წავა მარტივ დათმობაზე და მოგვცემს იმის საშუალებას, რომ სანამ ახალი კლინიკა აშენდება იქამდე პაციენტებს არ შეექმნათ საფრთხე ასეთი მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარების მიღებაში.
მიწის ნაკვეთი სადაც ახალი შენობა აშენდება, არის უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან და პროექტირებაზე სამუშაოები უკვე მიმდინარეობს.“ – განაცხადა დავით სერგეენკომ.