თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე საერთაშორისო სტანდარტების ამერიკული ჰოსპიტალის მშენებლობა ორი წლის წინ დაანონსდა, თუმცა პროექტის განხორციელება ტექნიკური საკითხების გამო ამ დრომდე გაჭიანურდა.
პროექტს ერთობლივად “თიბისი ჰოლდინგი”, ჰოლდინგი “კონტი“ და დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო ინსტიტუტი განახორციელებენ.
“ბიზნესკონტრაქტთან” საუბარში “თიბისი ჰოლდინგის” პრეზიდენტმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ უკვე მიმდინარეობს ჰოსპიტალის პროექტირება და უახლოეს პერიოდში მოხდება ჰოსპიტალის მშენებლობის დაწყების დაანონსება.
“ცოტა გაგვეწელა დროში ამ პროექტის განხორციელება, მაგრამ იყო ტექნიკური პრობლემები. ამ პროექტს უახლოეს ხანში დავიწყებთ”, – აცხადებს მამუკა ხაზარაძე.
მისი თქმით, პროექტის საინვესტიციო ღირებულება 42 მილიონი დოლარი იქნება. პირველ ეტაპზე ჰოსპიტალი 80 საწოლზე იქნება გათვლილი და პაციენტებს არ ექნებათ აუცილებლობა დატოვონ ქვეყანა, რადგან მათ შეეძლებათ საქართველოში ყველა იმ სერვისის მიღება, რასაც იღებს ნებისმიერი ამერიკელი თუ ევროპელი პაციენტი საზღვარგარეთ.
ჰოსპიტალში სამუშაოდ მოწვეულნი იქნებიან ამერიკაში ლიცენზირებული ქართველი ექიმები.
ხაზარაძე ამბობს, რომ დიმიტრი ტვილდიანმა 200 ექიმი უკვე მოამზადა და გააგზავნა აშშ-ში, რომლებმაც უკვე მიიღეს სერთიფიცირება და მზად არიან დაბრუნდნენ საქართველოში და იმუშავონ უმაღლესი რანგის სამედიცინო დაწესებულებაში.