“გაიღე სისხლი -გადაარჩინე სიცოცხლე“ პროექტის ფარგლებში ს.ს. ,,ქართული ლუდის კომპანიის’’ თანამშრომლებმა ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისათვის სისხლი ჩააბარეს.
აქციას იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოსთან არსებული სისხლის ბანკი მართავს. პროექტის მიზანია ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისათვის საჭირო სისხლისა და სისხლის კომპონენტების დეფიციტის აღმოფხვრა. საქველმოქმედო აქციაში სხვადასხვა სახელმწიფო და კერძო სტრუქტურები არიან ჩართულები.
სამწუხაროდ ძალიან ბევრ ადამიანს ესაჭიროება სისხლის გადასხმა, მათ შორის მცირე წლოვან ბავშვებს. დონორთა მიერ გაღებული სისხლი ბევრ პაციენტისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ყოველწლიურად ლეიკემიის 40-მდე ახალი შემთხვევა ფიქსირდება 0-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებში. პატარებს მკურნალობის პროცესში დიდი რაოდენობით სისხლის კომპონენტების გადასხმა ესაჭიროებათ. შესაბამისად, მნიშვნელოვანია საზოგადოების ჩართულობა. მთავარია ყველა ადამიანმა გაანალიზოს, რომ სისხლის ჩაბარებით შეუძლია სიცოცხლის გადარჩენა.
“ლუდსახარში ,,ზედაზენი’’ უერთდება ამ კეთილშობილურ საქმეს. გვჯერა, რომ სიკეთე არის გადამდები და ჩვენ ერთად გადავარჩენთ მომავალს.”-განაცხადა ს.ს. ,,ქართული ლუდის კომპანიის’’ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სპეციალისტმა ლევან შერმადინმა.
ს.ს. ,,ქართული ლუდის კომპანიის’’ თანამშრომლები ერთხმად აღნიშნავენ რომ, მსგავს საქველმოქმედო აქციებში კომპანია მომავალშიც მიიღებს მონაწილეობას.