ბავშვთა ახალ კლინიკასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო ეხმიანება.
„სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ შეისწავლა, სოციალურ ქსელ facebook-ზე 25.06.16 წ. გამოქვეყნებული შემთხვევები, სადაც ერთ-ერთი მოქალაქე „ბავშვთა ახალ კლინიკაში“ პაციენტებისთვის გაწეული არაკვალიფიციური სამედიცინო მომსახურების რამდენიმე შემთხვევის შესახებ წერს.
აღწერილი შემთხვევებიდან ნაწილობრივ სიმართლეს შეესაბამება ერთი ფაქტი. კათეტერის ამოღებისას, პაციენტს მაკრატლით კანი და კანქვეშა ქსოვილი დაუზიანდა, თუმცა, იქვე ჩაუტარდა შესაბამისი მკურნალობა და საბედნიეროდ, ამ დაზიანებას გართულებები არ მოჰყოლია. აღნიშნულის გამო დაწესებულების ადმინისტარციის მიერ გატარებული იქნა შესაბამისი ღონისძიებები.
რეგულირების სააგენტოს წარმომადგენელი პაციენტის მშობელსაც დაუკავშირდა, რომელმაც აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და სამედიცინო დაწესებულების მიმართ პრეტენზია არ გააჩნია.
რაც შეეხება მეორე ფაქტს, თითქოსდა ექთანმა შეცდომით პაციენტს არასწორი ხსნარი გადაუსხა, რასაც ბავშვის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება მოჰყვა, შესწავლის შედეგად არ დადასტურდა.
წერილში არის კიდევ ერთი ისტორია-ჰქონდა თუ არა ადგილი არასწორად ჩადგმული ზონდის გამო პაციენტის გარდაცვალებას. პირველადი მონაცემები არ არის საკმარისი ამ ფაქტის ზუსტი იდენტიფიცირებისთვის და საკითხი საჭიროებს გაღრმავებულ შესწავლას, რასაც სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო კომპეტენციის ფარგლებში განახორციელებს“, – აცხადებენ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოში.