მთავარი » ჯანდაცვა » საზოგადოებრივი ორგანიზაციები » ხელისუფლება ქვეყანაში ეკოლოგიური მდგომარეობის კატასტროფულ შედეგებს არ აღიარებს
გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილის კომენტარი ადასტურებს,რომ ხელისუფლება რეალობას არ აღიარებს-ვითარების გამოსწორების ნაცვლად, სიტუაციის შელამაზებას ცდილობს.

ხელისუფლება ქვეყანაში ეკოლოგიური მდგომარეობის კატასტროფულ შედეგებს არ აღიარებს

გარემოს დაცვის სპეციალისტები არაერთგვაროვნად აფასებენ კვლევის შედეგებს, რომლის მიხედვითაც ჰაერის დაბინძურების მიზეზით გარდაცვლილთა რიცხვით საქართველო მსოფლიო ქვეყნებს შორის ლიდერობს.

სპეციალისტების ნაწილისთვის ეს შედეგები მოულოდნელი არ ყოფილა, ნაწილი კი „საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს“ მიერ ჩატარებული კვლევის მეთოდოლოგიას ეჭვქვეშ აყენებს.

კვლევის მიხედვით, საქართველოში ჰაერის დაბინძურების გამო უფრო მეტი ადამიანი იღუპება, ვიდრე ბულგარეთში, ჩინეთსა და ინდოეთში.

როგორც „კომერსანტს“„საქართველოს მწვანეთა მოძრაობა – დედამიწის მეგობრების” წარმომადგენლმა ნინო ჩხობაძემ განუცახადა, კვლევის შედეგები მისთვის გასაკვირი არ არის.

მისი შეფასებით, საქართველოში საწვავის მოხმარებიდან, ხარისხიდან და ტრანსპორტის რაოდენობიდან გამომდინარე დაბინძურება ძალიან მაღალია.

„გიკვირთ ეს შედეგები? კვლევაში ეს გამოთვლები ხდება საწვავის რაოდენობის მოხმარებიდან, ავტოპარკისა და გზების მდგომარეობიდან, ასევე მწვანე საფარის სტატისკიდან გამომდინარე. მწვანე საფარის სტატისტიკა ზუსტად არ გვაქვს, მაგრამ რაოდენობრივად რამდენ საწვავს მოიხმარს საქართველო და მანქანების რაოდენობიდან გამომდინარე, ჰაერის დაბინძურება საკმაოდ მაღალია“,- ამბობს ჩხობაძე.

მისი თქმით, თუ სახელმწიფომ ქმედითი ნაბიჯები არ გადადგა და არ აამოქმედა ტექდათვალიერება, ასევე საწვავის კონტროლი არ განახორციელა, სიტუაცია არ შეიცვლება.

არასამთავრობო ორგანიზაცია CENN-ის წარმომადგენელი რეზო გეთიაშვილი კი ამბობს, რომ ცოტა უცნაურია, რომ ჰაერის დაბინძურების გამო გარდაცვლილთა რაოდენობით ვუსწრებთ ისეთ ქვეყანას, როგორიც ჩინეთია.

„არ ვიცი, ზუსტად რა კრიტერიუმები იდგა ამ კვლევის უკან, სრული სურათი რომ მივიღოთ, სერიოზული მონიტორინგია საჭირო, რაც საქართველოში არ კეთდება.

აქ გამოყენებული იქნებოდა სტატისტიკა, რომელიც ასახავს დაავადების ლოკალიზაციას და ამ დაავადებების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობას. ეს მონაცემები კი ეყრდნობა ეროვნულ მონაცემებს. შემდგომში, ალბათ, ორი კუთხით არის დანახული ეს მაჩვენებლები: ერთი, რომ ეს დაავადებები ჰაერის დაბინძურებით არის გამოწვეული და მეორე, რომ თუ კონკრეტულ ადგილზე თავს იყრის დაავადებათა ერთი და იგივე სახეობა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჰაერის დაბინძურება მაღალია და ის იწვევს ამ დაავადებებს“,

– აცხადებს რეზო გეთიაშვილი, თუმცა აღნიშნავს, რომ ეს მხოლოდ მეცნიერული დაშვებაა და ზუსტად იმის თქმა, რომ კონკრეტული დაავადებები გარემოს დაბიძნურების შედეგად არის გამოწვეული, შეუძლებელია.

ამ საკითხზე განმარტება გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ ეკატერინე გრიგალავამაც გააკეთა. მისი განცხადებით, საქართველოში ჰაერის ხარისხის შემოწმების შემდეგად ”ისეთი საგანგაშო არაფერი აღმოუჩენიათ, როგორც სტატიაშია ნათქვამი”. ეკატერინე გრიგალავას განცხადებით, სტატია, რომელიც ჰაერის დაბინძურებას ეხება, 2012 წლის კვლევებს ეფუძნება, ”შესაბამისად, დასაზუტებელია”.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, დღის ბოლოს უფრო დაზუსტებული ინფორმაციაეცოდინებათ და გააცნობენ ფართო საზოგადოებას.

”სტატიაში არის მომენტები, რაზეც კომენტარის გაკეთება ახლავე შეგვიძლია. მაგალითად,ის, რომ არ ხდება ჰაერის დაბინძურების გაზომვები, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. ჰაერის ხარისხის შემოწმება 3 მეთოდით ხდება, მათ შორის, ინდიკატორული გაზომვებით, რომელიც შარშან დაიწყო საქართველოს 10 ქალაქში, წელს მას კიდევ რამდენიმე ქალაქიდაემატა. 2016 წელს ჰაერის ხარისხის გაზომვის 3 ეტაპი დასრულებულია და მიმდინარეობსმე-4 ეტაპი. ეს გაზომვები ხდება როგორც ავტომატური სადგურების, ასევე ჯიხურების საშუალებით, რომელიც ქვეყნის რამდენიმე მთავარ ქალაქშია განთავსებული”, – განაცხადა გრიგალავამ.

მისივე თქმით, ჰაერის ხარისხის შემოწმება ხდება ევროკავშირის სტანდარტებთან ჰარმონიზებული ინდიკატორების გამოყენებით. მინისტრის მოადგილის განცხადებით, მონიტორინგის შედეგები ყველას მიეწოდა და მასში დეტალურადაა ნათქვამი, თუ სად როგორი ჰაერი გვაქვს როგორც თბილისში, ასევე საქართველოს სხვა ქალაქებში. მისივე თქმით, შემოწმების შედეგად აღნიშნა მტვრის, აზოტის დიოქსიდისა და ნახშირჟანგის ერთჯერადი მაქსიმალური კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბების ცალკეული შემთხვევები.

”თუმცა არაფერი ისეთი საგანგაშო, როგორც დღევანდელ სტატიაშია, ჩვენ არ აღმოგვიჩენია”, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

რამდენიმე თვის წინ ჰაერის დაბინძურების კვლევა საქართველოს გარემოს ეროვნულმა სააგენტომ გამოაქვეყნა, რომელმაც რიგ შემთხვევებში საგანგაშო შედეგები აჩვენა.

კვლევის მიხედვით, თბილისის მრავალ უბანში ჰაერში აზოტის დიოქსიდის შემცველობა კრიტიკულ ზღვარს აღწევს. აღმოჩნდა, რომ ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერების მაღალი კონცენტრაცია ფიქსირდება თბილისის იმ უბნებში, რომლებიც დასასვენებელ ადგილებად მიიჩნევა და უამრავი მცირეწლოვანი ბავშვი იყრის თავს.

კერძოდ, აზოტის დიოქსიდის რაოდენობა კრიტიკულ ზღვარს მიახლოებულია რუსთაველის გამზირზე, პირველ სკოლასთან, ვაკის პარკის და მზიურის ცენტრალურ შესასვლელებთან,  ასევე ბახტრიონისა და გამსახურდიას ქუჩების კვეთაზე, სადაც სკვერია განთავსებული და მოსახლეობა დასასვენებლად იყენებს. 

მედიკოსების განმარტებით, ჰაერში აზოტის დიოქსიდის არათუ ასეთი მაღალი, საშუალო შემცველობაც კი ჯანმრთელობისთვის შესაძლოა ძალიან საშიში აღმოჩნდეს და ამას  მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაც ამტკიცებს.

დადასტურებული ფაქტია, რომ ასეთი კრიტიკული ნიშნულის მთავარი გამომწვევი მიზეზი ტექნიკურად გაუმართავი ავტომობილებია.

იმ ფონზე, როდესაც თბილისის ჰაერის დაბინძურების კუთხით საგანგაშო მდგომარეობაა, ხელისუფლებამ გაურკვეველი დროით გადადო პროექტები, რომელთა განხორციელება პირველი ნაბიჯი იქნებოდა ვითარების გამოსწორებისკენ.

მაგალითად, ცნობილი გახდა, რომ მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაციის აკრძალვა, რამაც მანქანების რაოდენობის შეზღუდვა უნდა გამოიწვიოს, მიმდინარე წლის 1 მარტის ნაცვლად მომავალი წლიდან უნდა ამოქმედდეს.

ასევე, ცნობილი გახდა, რომ გაზზე მომუშავე სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო ინსპექტირება, რომელიც მიმდინარე წლის 1 აპრილიდან უნდა ამოქმედებულიყო, წელს არ შევა ძალაში.

ბოლო მონაცემებით, მომავალი წლის ბოლოსთვის გადაიდო ავტომობილების სავალდებულო ტექდათვალიერების ამოქმედებაც.

გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილის კომენტარი ადასტურებს, რომ ხელისუფლება რეალობას არ აღიარებს და ვითარების გამოსწორების ნაცვლად, სიტუაციის შელამაზებას ცდილობს.

commersant.ge

იხილეთ ასევე

სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება …