„თეთრი ხმაურის მოძრაობა“ აერთიანებს ადამიანებს, რომელთაც შეეხოთ არაჰუმანური და ძალადობრივი ნარკოპოლიტიკა, მათ მხარდამჭერებს, სხვადასხვა საზოგადოებრივი მოძრაობის მხარდამჭერს.
„თეთრი ხმაურის მოძრაობის“ მიზანია საქართველოში არსებული, მომხმარებლის დასჯაზე ორიენტირებული ნარკოპოლიტიკის ცვლილება საკანონმდებლო დონეზე, მომხმარებელთა უფლებების დაცვა და საზოგადოების ინფორმირება წამალდამოკიდებულების და ნარკოტიკის მოხმარებასთან დაკავშირებულ პრობლემატურ საკითხებზე.
„თეთრი ხმაურის მოძრაობა“17 ივნისს მასშტაბურ აქცია–მსვლელობას ჩაატარებს. აქცია მიმართულია ძალადობრივი ნარკოპოლიტიკის წინააღმდეგ. მოძრაობა ხელისუფლებასა და საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენებს, რომ მოქმედ ნარკოპოლიტიკას უამრავი ადამიანის თავისუფლება, მომავალი და სიცოცხლეც კი შეეწირა. მათ შორის იყო ლევან აბზიანიძე, რომელსაც 2015 წლის 17 ივნისს, ქუთაისის ნარკოლოგიურ დაწესებულებაში სამი აბი შარდმდენი პრეპარატი იძულებით დაალევინეს, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა.
აქცია სიმბოლურად იმართება ლევან აბზიანიძის გარდაცვალების დღეს, თუმცა ის მხოლოდ ამ შემთხვევას არ შეეხება. მოძრაობამ გაასაჯაროვა რამდენიმე მნიშვნელოვანი საქმე (ლაშა ბახუტაშვილი, ბესო ხუციშვილი, კოტე ჯაფარიძე), რასაც არ მოჰყოლია სამართალდამცავი ორგანოების ადეკვატური საგამოძიებო ქმედებები და არ არიან გამოვლენილი და დასჯილი უკანონობის ჩამდენი პოლიციელები.
მოძრაობა მოუწოდებს მის მხარდამჭერებს, ადამიანებს, ვისაც შეეხო ძალადობრივი ნარკოპოლიტიკა, მათი ოჯახის წევრებს,მეგობრებს და საზოგადოების ყველა სოციალური წრის წარმომადგენელს, ვისთვისაც მიუღებელია ადამიანის ღირსების შემლახავი ნარკოპოლიტიკა, მოვიდნენ 17 ივნისს, 20:00 საათზე მეტრო „რუსთაველთან“, საიდანაც გაიმართება მსვლელობა პარლამენტის მიმართულებით.21:00 საათზე, პარლამენტის შენობის წინ გაიმართება აქცია.
თბილისის პარალელურად აქცია გაიმართება ქალაქ ქუთაისში, ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრის შენობასთან.
გამომდინარე იქიდან, რომ მოძრაობის რამდენიმე წევრს უკვე შეექმნა პრობლემა პოლიციასთან მსვლელობის საინფორმაციო პლაკატების გაკვრის დროს, მოძრაობა მოუწოდებს სახალხო დამცველის ოფისს და ადამიანის უფლებების სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს, აქციის დღეს დააკვირდნენ პროცესებს და პოლიციის ქმედებებს აქციის მონაწილეთა მიმართ.
აღნიშნულ აქცია-მსვლელობასთან დაკავშირებით, პრესკონფერენცია გაიმართება „პრაიმტაიმის“პრესკლუბში, 17 ივნისს 11:00 საათზე.
საკონტაქტო პირი:პაატა საბელაშვილი
ტელ.: 593232375 ელ.
ფოსტა: paatas@gmail.com
პრესრელიზი: ბრძოლა ჰუმანური ნარკოპოლიტიკისთვის – 17 ივნისის აქცია
წყარო:„თეთრი ხმაურის მოძრაობა“
თარიღი: 2016 წლის 17 ივნისი, 11:00 საათი
ადგილი:„პრაიმტაიმის“ პრესკლუბი. მის. ქ. თბილისი, კოსტავას 68