ზიკას ვირუსისა და მწერებით გადამტანი სხვა დაავადებების პრევენციის მიზნით საქართველოს შავიზღვისპირა ზოლში სადეზინფექციო ღონისძიებები მიმდინარეობს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილე ნინო ნიჟარაძემ განუცხადა, წელს აჭარის რეგიონში ზიკა ვირუსის გადამტანი კოღო დაფიქსირდა, თუმცა დაავადების აღმოცენების საფრთხე არ არსებობს.
მისივე განმარტებით, შავიზღვისპირა ზოლში სარფიდან ანაკლიამდე ტარდება პრევენციული ღონისძიებები და მუშავდება 750 ათასი კვადრატული მეტრი ტერიტორია.
„იქედან გამომდინარე, რომ ზიკას ვირუსის გადამტანი კოღო დაფიქსირდა ჩვენს რეგიონში გასულ წელს და წელსაც, რეალური საფრთხე დაავადების აღმოცენებისა არ არსებობს, მაგრამ ეს ღონისძიებები ტარდება და მოიცავს ყველა სახის კოღოს სალიკვიდაციო სამუშაოებს.
მწერებით გადამტანი დაავადებების პრევენციის მიზნით გასატარებელი ღონისძიების ფარგლებში 1 მაისიდან დაიწყო კომპლექსური ღონისძიებები, რაც მოიცავს შავიზღვისპირა ზოლში სარფიდან ანაკლიამდე სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარებას, საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართის შიდა არეალის დეზინფექტანტით დამუშავებას. აღნიშნული ღონისძიებები ტარდება კოღოების რაოდენობის შემცირების მიზნით. წელს 750 ათასი კვადრატული დამუშავდება ორჯერადად.
პირველი ეტაპი მოიცავს სამუშაოებს მაისისა და ივნისის თვეში მეორე ეტაპი კი აგვისტოსა და სექტემბრის თვეში. გასულ წელსაც ჩატარდა იგივე სამუშაოები, თუმცა გასულ წელს 350 ათასი კვადრატული დამუშავდა, წელს კი ფართობი გაორმაგდა“, – აღნიშნა ნინო ნიჟარაძემ.
ბათუმში სადეზინფექციო სამუშაოები სხვადასხვა უბანში მიმდინარეობს.