საქართველო აუტოიმუნური ართრიტის მსოფლიო დღეს უერთდება, 20 მაისს, 11:00 საათზე, სასტუმროში „რადისონ ბლუ ივერია“ გაიმართება პრესკონფერენცია, სადაც მოხდება რევმატოიდული ართრიტით დაავადებულ პაციენტთა კავშირის წარდგენა.
კავშირი დაფუძნებით უერთდება აუტოიმუნური ართრიტის მსოფლიო დღეს, რომელიც მთელ მსოფლიოში 2012 წლიდან აღინიშნება. ღონისძიების მიზანია, დაავადების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, რათა მოხდეს დაავადების დროული დიაგნოსტიკა და ადეკვატურ თერაპიაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.
პრესკონფერენციაში მონაწილეობენ და სიტყვით გამოვლენ: „რევმატოიდული ართრიტით დაავადებული პაციენტების კავშირის“ თავმჯდომარე ინგა მამუჩიშვილი, დამფუძნებლები მარინა საღარაძე და რუსუდან ედიბერიძე, ასევე კავშირის მხარდამჭერი კომპანია „ჯეპრას“ პიარ კონსულტანტი თინათინ სამყურაშვილი.
ღონისძიებაზე მოწვეულნი არიან ჯანდაცვის სამინისტროს, პარლამენტისა და საკრებულოს ჯანდაცვის კომიტეტის წარმომადგენლები, ექიმები, პაციენტები დასხვა სტუმრები.
პრესკონფერენციის დასასრულს გამოქვეყნდება ონლაინ პეტიცია, მიმართული საქართველოს ჯანმრთელობის, შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსადმი – საქართველოში რევმატოიდული ართრიტით დაავადებული პაციენტებისთვის ბიოლოგიურ პრეპარატებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის ხელშეწყობის თხოვნით.
რევმატოიდული ართრიტი ქრონიკული, პროგრესირებადი, ქმედუუნარობის გამომწვევი აუტოიმუნური დაავადებაა, რომელიც იწვევს სახსრების შეშუპებას და დაზიანებას. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ამ დაავადებით დედამიწაზე ყოველი მეასე ადამიანი იტანჯება. ქალები მამაკაცებზე სამჯერ უფრო ხშირად ავადდებიან. რევმატოიდული ართრიტი შეიძლება დაიწყოს ნებისმიერ ასაკში, მაგრამ მეტად დამახასიათებელია მისი გამოვლენა 35-დან 50 წლის ასაკის პერიოდში.
რევმატოიდულმა ართრიტმა შეიძლება დააზიანოს ყველა სახსარი, მაგრამ უმეტესად ზიანდება ხელის, ფეხის და მაჯის სახსრები. სახსრების პროგრესირებად შეუქცევად დაზიანებას თან სდევს შრომის უნარის თანდადანობითი დაქვეითება და დამოუკიდებლობის დაკარგვა, პაციენტებს არ შეუძლიათ ისეთი მარტივი მოქმედებების შესრულება, როგორიცაა თმის დავარცხნა, კიბეზე ასვლა, საჭმლის მომზადება და ა.შ. განვითარებად ქვეყნებში პაციენტების ნახევარზე მეტი 10 წლის განმავლობაში კარგავს სამსახურს და საარსებო წყაროს.
რევმატოიდული ართრიტით დაავადებულ პაციენტებს შეიძლება აღენიშნებოდეთ ისეთი სისტემური გართულებები, როგორიცაა გულ-სისხლძარღვთა და ფილტვის დაავადებები, ოსტეოპოროზი, ანემია და ა.შ. რევმატოიდული ართრიტით დაავადებული პაციენტების სიცოცხლის ხანგრძლივობა შესაძლებელია 5-10 წლით იყოს შემცირებული.
დაავადების დროული დიაგნოსტიკა და ადრე დაწყებული მკურნალობა აფერხებს დაავადების პროგრესირებას და სახსრების შეუქცევად დაზიანებას. მაგრამ სამწუხაროდ დიაგნოსტირებული პაციენტების უმეტესობა საქართველოში ვერ იღებს ადეკვატურ მკურნალობას, მედიკამენტებზე ფინანსური ხელმისაწვდომობის არარსებობის გამო.
რევმატოიდული ართრიტით დაავადებული პაციენტების კავშირი დაარსდა 2016 წელს. კავშირის ძირითადი მიზანია, საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა დაავადებასთან მიმართებაში; სტანდარტული თერაპიისადმი რეზისტენტული პაციენტების (განსაკუთრებით მძიმე ფორმების) ადეკვატური მკურნალობის უზრუნველყოფისთვის ზრუნვა; პერმანენტული ურთიერთობა საქართველოს რევმატოლოგთა ასოციაციასთან, ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებთან და სხვა ტიპის სამედიცინო ორგანიზაციებთან დაავადების გარშემო არსებული სიახლეების, მეთოდების, ახალი მედიკამენტების გაზიარების თვალსაზრისით.