საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2014 წლის მონაცემებით საქართველოში 22900 ექიმია. მათი უფლებების დასაცავად შექმნილია საქართველოს მედიცინის, ფარმაციისა და სოციალური დაცვის მუშაკთა პროფესიული კავშირი.
კავშირის პრეზიდენტი ირაკლი ამირანაშვილი ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ მათ ორგანიზაციაში დაახლოებით 6000 ექიმია გაწევრიანებული:
„დღეისათვის ჩვენთან დაახლოებით 6000 წევრია მთელი საქართველოს მასშტაბით. 2000-მდე აჭარიდან, ხოლო დანარჩენი – სხვადასხვა კუთხიდან. ამჟამად მოლაპარაკება მიმდინარეობს კიდევ რამდენიმე სამედიცინო დაწესებულებასთან, მათ თავად გამოთქვეს სურვილი ჩვენთან თანამშრომლობის.
ძირითადად, პრობლემა არის ხოლმე ხელფასის დაგვიანება, თუმცა ამას ყველა დაწესებულებაზე ვერ ვიტყვი. ეს დაგვიანება კი ხდება საყოველთაო დაზღვევიდან გამომდინარე. ასევე, დაბალი ანაზღაურების პრობლემა, რაც სავალუტო პრობლემებით კიდევ უფრო გამწვავდა. თანამშრომლების გათავისუფლებასთან დაკავშირებით, ხოლო ერთი სასამართლო მოვიგეთ, რომელიც კვლავ უკანონოდ გათავისუფლებას შეეხებოდა. გათავისუფლების საქმეები ძირითადად შეეხებოდა ორსულობის პერიოდს, დროის შეზღუდვას და ა.შ.“
ირაკლი ამირანაშვილი ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ მას შემდეგ, რაც ქვეყანაში ახალი შრომის კოდექსი ამოქმედდა, მათ უადვილდებათ საქმიანობა და ექიმთა უფლებების დაცვა:
„ახალი შრომის კოდექსის ამოქმედების შემდეგ ჩვენი მუშაობა უფრო შედეგიანია. საერთოდ პროფკავშირები მოქმედებენ კანონის ფარგლებში. აქედან გამომდინარე, ყველა კანონს, რომელიც დასაქმებულის ინტერესების დასაცავად იქნება გამოტანილი, ჩვენ აუცილებლად გამოვიყენებთ, რათა დავიცვათ ყველა მედიცინის მუშაკის უფლება, რომელიც დაირღვევა დამსაქმებელის მხრიდან“.