საქართველო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანასთან ერთად ტუბერკულოზთან ბრძოლის გლობალურ პროგრამაში ჩაერთო, -ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ჯანდაცვის კომიტეტის წევრმა გიორგი ხეჩინაშვილმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ისაუბრა.
ხეჩინაშვილის განცხადებით, ჩატარდა პარლამენტართა საერთაშორისო სამიტი, რომელიც ტუბერკოლოზთან ბრძოლის სტრატეგიის შემუშავებას მიეძღვნა. საქართველოს პარლამენტში ამ კუთხით სამუშაოდ უახლოეს ხანებში სპეციალური საერთაშორისო ჯგუფი შეიქმნება, რომელიც დაავადებასთან ბრძოლის პოლიტიკას განსაზღვრავს.
„კეიპტაუნში ტუბერკულოზის თემაზე პარლამენტართა სამიტი ჩატარდა. მსოფლიომ გადაწყვიტა, რომ კიდევ უფრო მეტად გააქტიუროს თავისი ბრძოლა გლობალურად იმ გამოწვევების წინააღმდეგ საბრძოლველად, რასაც გადამდები ინფექციური დაავადებები ჰქვია. პირველი ამ საკითხში ტუბერკულოზი აღმოჩნდა. სულ მალე პარლამენტში უნდა შეიქმნას პარლამენტართა ჯგუფი, რომელიც დაკავებული იქნება ამ თემით.
ტუბერკულიოზთან საბრძოლველად ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად საერთაშორისო მოთხოვნების კანონი. კანონი პირველი იანვრიდან ნაწილობრივ ამოქმედდება. მეორე ეტაპია „end tb” – ანუ „დავამთავროთ ტუბერკულიოზი“. ჩვენ უნდა წავიდეთ იმ მიმართულებით, რომ 2030 წელს მსოფლიოში უნდა დადგეს ისეთი ეპიდომიოლოგიური პარამეტრი, რომ ვთქვათ, ჩვენ დავამთავრეთ ტუბერკულოზი.
2016-2030 არის ის პერიოდი, როდესაც მსოფლიოს პოლიტიკურმა კავშირმა ამ გამოწვევას უნდა სძლიოს. საქართველოში ტუბერკულოზთან ბრძოლაში სერიოზული პროგრესი გვაქვს, მაგრამ, სამწუხაროდ, საქართველო ევროპის რეგიონში ნეგატიურ კონტექსტში მეოთხე, მეხუთე ადგილს იკავებს. ჩვენ ყოველწლიურად ტუბერკულოზის საკმაოდ რაოდენობის შემთხვევები გვაქვს.
ტუბერკულოზის მაღალი მაჩვენებელია საქართველოს მეზობელ ქვეყნებშიც, ჩვენზე უარესად არის საქმე რუსეთში, მაღალი მაჩვენებელია უკრაინაშიც, სომხეთშიც და აზერბაიჯანშიც. მაგრამ დამაიმედებელი ამ მხრივ ის, რომ არის დიდი რესურსი, არის, როგორც სახელმწიფო დაფინანსება, ამავადროულად – სერიოზული საგრანტო დახმარებაც, მაგრამ გლობალური ფონდის გრანტი 2018 წელს მთავრდება და საქართველომ თავის თავს თავად უნდა მიხედოს“,- განაცხადა გიორგი ხეჩინაშვილმა.
დეპუტატის განცხადებით, ასევე იქნება საკანონმდებლო ინიციატივები, რომლებიც სამედიცინო ეთიკის, ბიოეთიკის საკითხებს დაალაგებს.
„გვაქვს სამოქმედო გეგმა, გვყავს საერთაშორისო ექსპერტები და ყველა ძირითადი მოთამაშე ჩართულია, მარტში დავდებთ ახალ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც სარგებელს მოუტანს ყველას და სამედიცინო ეთიკის, ბიოეთიკის რეგულაციებს მოაწესრიგებს“,- აღნიშნა ხეჩინაშვილმა.
დეპუტატის განცხადებით, ჯანდაცვის კომიტეტმა განსაზღვრა პრიორიტეტები, ესაა ექიმების უწყვეტი განათლება. ჯანდაცვის კომიტეტის წარმომადგენლის თქმით, იმისათვის, რომ რეზიდენტურის შემდეგ ექიმები პროფესიულად მუდმივარდ იზრდებოდნენ, სახელმწიფოს მხრიდან უნდა შემუშავდეს ხელშეწყობის რეჟიმი, რათა ექიმთა კვალიფიკაციის ამაღლება მალე და ხარისხიანად მოხდეს.