2014 წლიდან არცერთი ბავშვი და 22 წლამდე ახალგაზრდა საქართველოში სიმსივნის დიაგნოზით უსახსრობის გამო არ დაღუპულა – ამ განცხადებას jandacva.ge-ისთან საქართველოს სოლიდარობის ფონდი აკეთებს.
ფონდის წარმომადგენლის განცხადებით, დაარსების დღიდან მათ 229 ბავშვისა და ახალგაზრდის დიაგნოსტიკისა და მკურნალობისათვის საერთო ჯამში 1 147 933 ლარის, 2 212 353 აშშ დოლარისა და 958 697 ევროს მოცულობის დაფინანსება დაამტკიცეს.
სოლიდარობის ფონდმა 107 ბავშვისა და ახალგაზრდის დიაგნოსტიკა და მკურნალობა დააფინანსა, მათ შორის ქიმიო-თერაპია, ონკო-ქირურგია, მაღალ-ტექნოლოგიური კვლევები და სხივური თერაპია. 122 ბენეფიციარი კი დაფინანსდა როგორც საქართველოში ასევე საზღვარგარეთ – გერმანიის, ესპანეთის, თურქეთის, იაპონიის, ისრაელის, იტალიისა და საფრანგეთის კლინიკებში“.
სოლიდარობის ფონდში იმედოვნებენ, რომ მომავალში საზოგადოების მზარდი ჩართულობით ფონდის პროგრამები როგორც ჯანმრთელობის ასევე სოციალური დაცვის მიმართულებით კიდევ უფრო გაფართოვდება.
საქართველოს სოლიდარობის ფონდი 2014 წელს,საქართველოს მაშინდელი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით შეიქმნა. ფონდი 22 წლამდე ასაკის სიმსივნით დაავადებულ ბავშვებსა და ახალგაზრდებს უწევს დახმარებას.